“წინ მეორე ტურები გველის და მინდა მოგიწოდოთ მაქსიმალური მობილიზაციისკენ”

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინდელი არჩევნებით, საქართველომ დემოკრატიისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. თბილისი მერი ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში გამოხატა საკუთარი ნება, რომელიც არჩევნების შედეგებში აისახა.

“გუშინ საქართველომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისკენ. ქართველმა ხალხმა თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გამოხატა საკუთარი ნება, რომელიც აისახა არჩევნების შედეგებში. არჩევნებში გამოხატული ხალხის ნებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” პროპორციული სიის ნაწილში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაიმეორა. საქართველოს მოსახლეობის 48%-ზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა, ასევე დამაჯერებლად, პირველივე ტურში გაიმარჯვა მინიმუმ 14 მაჟორიტარულ ოლქში, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დათვლა.

მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, ეს ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციის გათვალისწინებით, 150-დან მინიმუმ 76 მანდატი, 62 პროპორციული და 14 მაჟორიტარული პირველივე ტურში მიანიჭა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ.

შესაბამისად,“ ქართული ოცნებას” მომავალ პარლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა და გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. აქედან გამომდინარე, არჩევნების ინტრიგა, ინარჩუნებს თუ არა “ქართული ოცნება” ხელისუფლებას, დამთავრებულია.

“ქართული ოცნება”, ქართველი ხალხის ნებით ინარჩუნებს ხელისუფლებას და მეორე ტურში დარჩენილი მანდატების მოპოვების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს უმრავლესობას. აქვე მინდა აღვნიშნო, არჩევნები ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი სრულად პროპორციული სისტემით და 5%-იანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო. ბარიერს მხოლოდ ორი კონკრეტული პარტია გადალახავდა და ქართულ ოცნებას საპარლამენტო მანდატების 2/3, ანუ 100 მანდატი შეხვდებოდა წილად, ოპოზიციას კი მხოლოდ 50 მანდატი. შესაბამისად, ამ სისტემით, ჩვენ შევძელით, კიდევ უფრო პლურალისტური პოლიტიკური გარემოს შექმნა.

წინ მეორე ტურები გველის და მინდა მოგიწოდოთ მაქსიმალური მობილიზაციისკენ,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.