“შეწყალებების სკანდალი ახლა არ დაწყებულა, თუ არავინ დაისჯება, არც ამით დამთავრდება…”

ნატალია ხოხიაშვილი

“ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის”, უფლებადამცველი

-შეწყალებების სკანდალი ახლა არ დაწყებულა და სავარაუდოთ ისე ჩანს, თუ არავინ დაისჯება, არც ამით დამთავრდება. კარგად გვახსოვს, როგორ იყენებდნენ ამ მექანიზმს ხელისუფლების წარმომადგენლები თუნდაც საარჩევნო ხმებისთვის.

გვახსოვს გახმაურებული ,,გირგვლიანის საქმე“ და ამ საქმეში ბრალდებული პირები, როგორ შეიწყალა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ამ საქმეზე გამოძიებაც დაიწყო ახალი ხელისუფლების ხელში და პრეზიდენტის ეს დისკრეციული უფლება გახდა სასამართლო განსჯის საგანი, მაგრამ ეს პრეცენდენტიც კი არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ მომდევნო პრეზიდენტები უფრო ფრთხილად მიდგომოდნენ ამ ჰუმანურ აქტს. ახალმა მოსულმა მარგველაშვილმაც იგივე გაიმეორა, როცა ერთი აქტით უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ორი მსჯავრდებული შეიწყალა და ზოგადად პრეზიდენტ მარგველაშვილის დროინდელი შეწყალებები ხშირად იყო საზოგადოების განსჯის საგანი, ამ დროს უკავშირდება კობახიძე – ბესელიას სკანდალი, როცა მაშინდელი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მათ კონკრეტული პატიმრების ლობირებაში ადანაშაულებდა, აქვე აღარ გავაგრძელებ ეგრეთ წოდებულ ,,პოლიტპატიმრების თემას“, რომელიც მუდმივად სალაპარაკო თემაა.

ასეთი წარსულის შემდეგ ალბათ ბევრს ქონდა იმის იმედი რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდებოდა, მაგრამ დღევანდელი პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტები ვფიქრობ ყველა დანარჩენს ფარავს.

მე უკვე მეორე წელია ვარ ე.წ ,,უდოს“ პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების მესამე ადგილობრივი საბჭოს წევრი. ჩვენს საბჭოში 5 წევრია და გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება. საბჭოში წარმოდგენილია, როგორც სასჯელაღსრულების წარმომადგენლები ისე არასამთავრობო სექტორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები. ჩვენი ქმედებები მკაცრად არის განსაზღვრული დებულებით და იქვეა გაწერილი კრიტერიუმები რის მიხედვითაც ვაფასებთ მსჯავრდებულს, თუ რამე საეჭვოა და მსჯავრდებულის პირადი საქმე არ გვაძლევს საშუალებას გადაწყვეტილებაზე ჩამოვყალიბდეთ ასეთ შემთხვევაში ვნიშნავთ მსჯავრდებულებთან პირადად გასაუბრებას. ჩვენს მიერ მიღებულ არადამაკმაყოფილებებელ გადაწყვეტილებას მსჯავრდებულები თუ ამის სურვილი აქვთ სასამართლოში ასაჩივრებენ. ამ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი ფაქტი იყო როცა სასამართლომ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. არც ისიეთი სკანდალი მახსენდება, როგორიც შეწყალების აქტებს მოყვება.

შეწყალება ზოგადად ჰუმანური აქტია, ყველა მსჯავრდებულს აქვს უფლება მოინანიოს დანაშაული და მიმართოს პრეზიდენტს შეწყალებისთვის, გარდა ამისა არის ბევრი მსჯავრდებული, რომლებიც მიუხედავად სასჯელის ხასიათისა მძიმე მდგომარეობაში არიან, ასევე სასჯელს უკვე დიდი ხნის განმავლობაში იხდიან და ასაკის გამო საზოგადოებისთვის საშიშები არ არიან, ან მრავალშვილიანი ოჯახის დედები და მამები და სხვა, ისინი იმსახურებენ იმას, რომ ვინმემ მათ საქმეს გადახედოს და მოწყალებაც გაიღოს. და ასეთ დროს პრეზიდენტის მიერ მორატორიუმის გამოცხადება ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა. შეწყალება – ეს პრეზიდენტის მოვალეობაა  და კეთილი ინებოს კეთილსინდისიერად გამოიყენოს ეს უფლება.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა თავად გამოაცხადა, რომ შეწყალების კომისია არ შეიქმნებოდა და ეს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდოდა. სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყნებში შეწყალების მექანიზმები სხვადასხვაა, არის ქვეყნები სადაც შესაწყალებელთა საქმეებს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტი განიხილავს და თუ ჩვენს შემთხვევაში ეს ასე იქნებოდა ამაში უჩვეულო არაფერი იქნებოდა. უკვე რამდენი თვე გავიდა და ამაოდ ველოდებით შეწყალების კომისიის შექმნას, ამასობაში კი პრეზიდენტმა უკვე მერამდენედ გამოსცა შეწყალების აქტი. იმ დროს როცა იუსტიციის მინისტრი, რომლის დაქვემდებარებაშიც არის სპეციალური პენიტენციური დაწესებულება აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა საქმეები ადმინისტრაციას არ გამოუთხოვია, ჩნდება კითხვა მაშინ,  როგორ იღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტი და ვინ უმზადებს ამ სიებს.

პრეზიდენტის მიერ შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილების ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოყენებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და იმის მაგივრად, რომ  კრიტიკას და ამ კითხვებს პასუხი გაცემოდა უფრო სულელური გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა და  შეწყალების უფლებამოსილებაზე მორატორიუმი გამოაცხადა გაურკვეველი ვადით, რითაც ზიანი ადგება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ მსჯავრდებულებს, რომელთათვის ხშირად, შეწყალების მექანიზმი სამართლიანობის მიღწევის უკანასკნელი შესაძლებლობაა.

საზოგადოებაში საფუძვლიანად გაჩნდა კითხვები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიმართ, რომელიც წარსულში ადვოკატობით იყო დაკავებული, ასეთი კითხვები იყო თავის დროზე მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას მიმართაც. არც წარსულში და სავარაუდოთ, არც ამჯერად არავინ აპირებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, თუმცა პრეცენდენტი არსებობს, როცა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე. ის რომ ახლა ხელისუფლებაში ის ხელისუფლებაა, რომელმაც ეს პრეცენდენტი დაუშვა კარგი იქნება ამ შემთხვევაშიც თუ სამართლიანობას გამოავლენენ და გამოძიებას დაიწყებენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ დაუდო შესაწყალებელი ხალხის სიები პრეზიდენტს ხელის მოსაწერად და ადგილი ქონდა თუ არა კორუფციულ გარიგებას.

ცინიკურს ვუწოდებ  იმ ფაქტს რითაც პრეზიდენტმა მორატორიუმის  გამოცხადება ახსნა – ,,მე ადრეც გამოვდიოდი წინადადებით, რომ შეწყალების წესები იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩემი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. მომავალი კვირიდან შედგება ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს შეშფოთება საზოგადოების”, რომელ წესებზე საუბრობს პრეზიდენტი ან რის გადახედვაზე, საინტერესოა თუ იცის ის რომ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N277, რომელიც შეწყალების წესებს განსაზღვრავს და ბოლო შეწყალებით ეს წესები უხეშად დაარღვია პრეზიდენტმა, ზემოხსენებული დებულების მუხლი 1-ის მეორე ნაწილი განზაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს ვისზეც ვრცელდება შეწყალების აქტი და იქ გარკვევით წერია:

  1. შეწყალება გამოიყენება:

) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე;

როგორც ჩვენთვის ცნობილია პრეზიდენტმა ბოლო აქტით შეიწყალა პირი რომელიც ძებნილია და საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.

ამავე დებულებით განსაზღვრულია იმ პირთა სია ვისაც არ უნდა შეეხოს შეწყალების აქტი და აქ ერთი მნიშვნელობანი ჩანაწერია

  1. შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებული პირის მიმართ:

) რომელსაც მსჯავრი დაედო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი;

ამ ჩანაწერს თუ გავითვალისწინებთ მაშინ 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც 9 წელი ჰქონდა მისჯილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას წელიწადნახევარში ვერ დატოვებდა.

ვფიქრობ სამართლიანი იქნება თუ საგამომძიებლო ორგანოები დაინტერესდებიან ბოლო დროინდელი შეწყალების ფაქტებით, სამართლიანი გამოძიების ფარგლებში ვფიქრობ ყველაფერს აეხდება ფარდა.