ფრიდონ ინჯია – ჩვენ ისეთი პროგრამები გვჭირდება, რომელიც მოსახლეობას სოფლად დაამაგრებს

„ჩვენს ჯგუფს საქართველოში მთავარ ამოცანად როგორც პარლამენტისთვის, ისე მთავრობისთვის მიაჩნია ის, რომ მოსახლეობა დამაგრდეს რეგიონებში, სოფლად“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ სახელით ფრიდონ ინჯიამ რიგგარეშე სესიაზე პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით გამართული პოლიტიკური დებატებისას.

მისი თქმით, სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ნელ-ნელა იცლება და იცვლება ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. „ევროპელი სოციალისტები“ ვითარების გამოსწორებისათვის ხელისუფლებას მოკლევადიან პროგრამას სთავაზობენ.

„ჩვენს ჯგუფს აქვს კონკრეტული პროგრამა. „აწარმოე საქართველოში“ კარგი პროგრამაა, მაგრამ ეს ის არ არის, რომელიც გადაწყვეტს იმ სოციალურ პრობლემებს, რაც დღეს საქათველოშია, კერძოდ, სოფლის მოსახლეობის დამაგრება რეგიონებში და დემოგრაფიული მდგომარეობა. თქვენს მიერ წარმოდგენილი 10-წლიანი პროგრამა დღევანდელ საჭიროებებთან და პრობლემებთან ნაკლებად არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მთავრობას უნდა ჰქონდეს შორსმჭვრეტელი 10-წლიანი გეგმაც, მაგრამ იმისათვის, რომ საქმე გადაწყდეს, ალბათ სასურველი და კარგი იქნებოდა, რომ იყოს მოკლე ვადიანი, 3-წლიანი პროგრამები მაინც. დღეს სოფელს სჭირდება გადამამუშავებელი მრეწველობა, სამაცივრო საწარმოები, რომლებიც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს და რომლებიც სტიმულს მისცემს გლეხობას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.