სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი საკმაოდ დიდია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დარიალის ხეობიდან ვერტმფრენების მეშვეობით ის 70 ადამიანი გამოიყვანეს, რომელიც თავს მამათა მონასტერს აფარებდა.

დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე გზა კალაპოტის ცვლილების შედეგად ადიდებულმა თერგმა წაიღო და ამჟამად მდინარე სამანქანო გზაზე მიედინება.

სპეციალისტების განცხადებით, გზის აღდგენას სულ მცირე ორი ან სამი კვირა დასჭირდება.

ადგილზე დილიდან მუშაობენ გეოლოგები, ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გოჩა ზეიკიძის განცხადებით, დიდი რაოდენობით ყინულიანმა ნალექმა ცენტრალური გზის 500 მეტრიანი მონაკვეთი დააზიანა. მისივე განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი საკმაოდ დიდია.

პრობლემები შეექმნათ რუსეთისკენ მიმავალ მანქანებსაც. დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო სასაზღვრო გამშვებმა პუნქტმა ყაზბეგმა მუშაობა დროებით შეაჩერა, რის გამოც რუსეთის ტერიტორიისკენ მიმავალი მანქანების დიდი კოლონა გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს.

კომენტარის დატოვება