ზღვისუბანში ძველი ავტობუსების ახალით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ზღვისუბანში მოძრავი  N75 სამარშრუტო ავტობუსი ISUZU-ს მარკის 8 მეტრიანი ახალი, ევროსტანდარტებისა და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსით ჩანაცვლდა, რომელიც მგზავრებს ზღვისუბნის მე-3 მიკრო რაიონიდან სარაჯიშვილის მეტრომდე გადაიყვანს.

ახალი ავტობუსების სამარშრუტო ხაზზე გასვლის პროცესს თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.

„განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის საზომი იმისა, თუ რამდენად არის განვითარებული ესა თუ ის ქალაქი. თბილისი არის რეგიონის გამორჩეული ქალაქი და ჩვენთვის წარმატებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება პრიორიტეტულია. განსაკუთრებით მახარებს, რომ ზღვისუბანში უკვე მეორე ხაზზე მოხდა ავტობუსების ჩანაცვლება და ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ზღვისუბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლების ფარგლებში, N95 ავტობუსი უკვე ემსახურება მგზავრებს მუხიანიდან ზღვისუბნის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

დამატებით 220 ერთეული ახალი ავტობუსები თბილისში მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შემოვიდა, რომელიც euro6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე მუშაობს, რაც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს გულისხმობს. ავტობუსები აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე.