გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართება. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერმინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის სამიტში, რომელსაც კიევი მასპინძლობს. სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების პლენარული სხდომის შემდეგ დაგეგმილია ლიდერების ერთობლივი განცხადებები, ასევე რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერა.