ახალი დეტალები ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეში

მარიამ ახალკაცი

ახალი დეტალები ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეში – დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდათ.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. 19 დეკემბერს გალის ქუჩის 19 ნომერთან მომხდარ შემთხვევაზე საუბრობენ დაკავებულების ოჯახის წევრებიც.

თამაზ ყუფარაძისთვის გაურკვეველია, რატომ დააკავეს მისი შვილი ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტის დამალვის გამო. ბრალდებულის მამა ყვება, რომ გალის ქუჩის 19 ნომერში დაშავებულს დახმარება შემთხვევით გამვლელმა პეტრე ყუფარაძემ აღმოუჩინა, რომელმაც სასწრაფოში დარეკა და პირველი პრეზიდენტის შვილის გადარჩენას ითხოვდა. ბრალდებული, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან ერთადერთი თვითმხილველია, რომელმაც დაინახა რა მიმართულებით გაიქცნენ ადგილიდან ის პირები, რომლებმაც გამსახურდიას ბასრი და ბლაგვი საგნები რამდენჯერმე ჩაარტყეს.

პეტრე ყუფარაძის გარდა, შემთხვევის ადგილის დატოვების შემდეგ კონფლიქტში მონაწილე პირები ავტომობილით სარფის მიმართულებით წავიდნენ. “კურიერის” ინფორმაციით, ყველა მათგანი მიმალვას და ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ მძიმე დაზიანებები ცოტნე გამსახურდიას ტატო ღარიბაშვილმა და გიორგი სოლოღაშვილმა მიაყენეს. ფიზიკურ დაპირისპირებამდე კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ყოფით საკითხზე უთანხმოებამ მიიყვანა.

“კურიერის” ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჯერ ვერის სასაფლაოზე დაიწყო, რაც მოგვიანებით გალის ქუჩაზე გაგრძელდა. ამ ფაქტის გამო გამოძიებამ განზრახ მკვლელობის მცდელობის გარდა პასუხისგებაში მისცა ადამიანები, რომლებმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინეს და დამნაშავეებს მიმალვაში ეხმარებოდნენ. მათ შორის დაკავებულია იმ ავტომობილის მძღოლიც, რომელმაც ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის ბრალდებულები სარფის მიმართულებით წაიყვანა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მეორე პირის დანაშაული გამოძიებამ დღეს გამოკვეთა. თუმცა მანამდე დაჭრილის ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ მრავლობით დაზიანებებს ცოტნე გამსახურდიას მხოლოდ ერთი პირი და ისიც რამდენიმე საგნით ვერ მიაყენებდა. დაჭრილის ოჯახი იმედოვნებს, რომ დაზარალებულის სტატუსი მათ დაეხმარებათ გააკონტროლონ, რამდენად სწორი მიმართულებით მიდის გამოძიება.

გამოძიება ამ დრომდე ელოდება ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებას და მის დაკითხვას. ამის შემდეგ გახდება ცნობილი რეალურად რის გამო დაიწყო დაპირისპირება, რაც პირველი პრეზიდენტის შვილისთვის მძიმედ დასრულდა. თუმცა უცნობია როდის შეძლებს პაციენტი გამომძიებლებთან კომუნიკაციას. მძიმე მდგომარეობის გამო ექიმებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე დაკავებული პირებიდან რამდენიმე წარსულშიც ნასამართლევია.

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, კვალიფიკაცია დაზუსტდა და დაკავებულთაგან 2 პირს: 1991 წელს დაბადებულ ტ.ღ.-ს და 1991 წელს დაბადებულ გ.ს.-ს ბრალდება დაუმძიმდათ, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის  19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ხოლო, 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს 1982 წელს დაბადებული პ.ყ.-ს, ასევე 1973 წელს დაბადებული კ.ჩ.-ს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.