დროა შერჩევითობის პრინციპი დასრულდეს

მარიამ ახალკაცი

ორმაგი სტანდარტი თუ სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა – ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის, “TV – პირველი”-სა და “კავკასია”-ზე, დადებულ ინკასოს ოპოზიციაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვავდ აფასებენ და მმართველ გუნდს ტელევიზიებთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტებით მიდგომაში ადანაშაულებენ. მათ პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კატეგორიულად არ ეთანხმება ხელისუფლება.

საქართველოს ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი, იმ შერჩევითობის პრინციპის დასრულებაზე მიუთითებს, როდესაც მედიას, ხელისუფლება გადასახადების გადაუხდელობას პატიობდა.

“ზოგიერთი ტელევიზია იხდის დაკისრებულ გადასახადს, ზოგი კი არა. იყო დრო, როდესაც სახელმწიფო მათ ამას პატიობდა, თუმცა, დროა დასრულდეს ამგვარი შერჩევითობის პრინციპი და ყველა კერძო ორგანიზაციამ მათ შორის, ტელეკომპანიებმა დაკისრებული გადასახადები გადაიხადონ, სახელმწიფო ბიუჯეტი არ ეკუთვნის რომელიმე მინისტრს ან კერძო კომპანიას, ბიუჯეტი ეკუთვნის მათ, ვინც ჩვენ გვისმენს ანუ, ხალხს. შესაბამისად, მათ უნდა დაუბრუნდეთ ის ფული, რაც ეკუთვნით,” – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

ფინანსთა სამინისტრომ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, “პირველსა” და “კავკასიას”, გუშინ ინკასო დაადო. სამინისტრო კომპანიებისგან დავალიანების დაფარვას ითხოვს.