გორში 16 წლის გოგოს ეძებენ

მარიამ ახალკაცი

გორში სამი დღეა მცირე საოჯახო სახლში არ მისულა 16 წლის გოგო, რომელიც იქ ოჯახური ძალადობის ფაქტის შემდეგ განათავსეს. გოგოს ძებნის შესახებ გადაწყვეტილება შს სამინისტროს გორის სამმართველოში დღეს, 26 დეკემბერს მიიღეს. გოგოს გაუჩინარების შესახებ პოლიციას ახლობლებმა და გორის მცირე საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ აცნობეს.

სახლის დირექტორი, ხვიჩა პოსოშვილი ამბობს, რომ თავშესაფარმა პროცედურის მიხედვით იმოქმედა და მას შემდეგ რაც გოგო გონივრულ ვადაში ვერ მოძებნა, პოლიციას შეატყობინა:

„ჯერჯერობით არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი. დედასთან და ნათესავებთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს, მაგრამ ჯერ ვერ დავადგინეთ მისი ადგილსამყოფელი. ყოფილა შემთხვევები, როცა მოზარდები სახლიდან წასულან და გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნებულან, ამ შემთხვევაშიც იმედიანად ვარ განწყობილი, რომ მალე გამოჩნდება“, – აღნიშნა ხვიჩა პოსოშვილმა. იგი არასრულწლოვანს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ იგი ძალიან აქტიური და მხიარულია.

16 წლის გოგო გორის მცირე საოჯახო სახლში 22 დეკემბერს, საღამოს 10 საათამდე უნდა მისულიყო. იგი თავშესაფარში, ოჯახური ძალადობის გახმაურებული ფაქტის შემდეგ აღმოჩნდა. ძალადობის ფაქტზე დაკავებულია მისი მამა.