“სადაც შვილმკვდარი მამა ტირის, იქ ფული როგორ ვაკეთო”

მარიამ ახალკაცი

მერიის მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე მყოფ გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებას და პარლამენტის წინ განლაგებულ დახლებზე გადასვლას სთხოვენ. გარემოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ არ სურთ ვაჭრობა იქ, სადაც შვილმოკლული მამის საპროტესტო კარავი იდგა.

“იქ ჩვენ ვერ წავალთ, არ კი არა, ვერ წავალთ. მოვუსმინე ტელევიზორში, რომ კაცი ტირის და ამბობს არ მოხვიდეთ, ბავშვები არ მოიყვანოთო. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დგას და უყურებს პარლამენტის შენობას. მე იქ ბუშტს ვერ გავყიდი, მოვკვდები მშიერი და იმ პურის ფულს ბავშვს არ წავუღებ”, — განაცხადა ფორმულასთან ინტერვიუში ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

გარემოვაჭრეების თქმით, მადლობელი არიან, რომ მერიამ დახლები გამოყო, თუმცა ურჩევნიათ ვაჭრობა მოედანზე გააგრძელონ.

“ახლა კარვები გადაყარეს, არავინ არ მიდის იმ ადგილზე. შვილმკვდარ მამას ტანსაცმელი რომ გადაუყარეს, იმ ადგილას როგორ დავდგე შვილო? იქ მე ფული ვაკეთო და ის კაცი გარეთ იდგეს? მე ამას ვერ გავაკეთებ”, — განაცხადა ერთ-ერთმა ატირებულმა გარემოვაჭრემ.

31 დეკემბრის ღამეს მერიამ შვილმოკლული მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და პატიმრობაში მყოფი დეკანოზ მამალაძის ძმის კარვები აშალა და პარლამენტის წინზვიგენის გასაბერი ბატუტი დადგა. კარვების დაშლას ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით 9 აქტივისტი დააკავა.