საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული C ჰეპატიტის ელიმინაციის ჩავარდნილი პროგრამა

მარიამ ახალკაცი

უმძიმესი დანაშაული საზოგადოების მიმართ , C ჰეპატიტის სამკურანლო პროგრამას ვადა გაუვიდა .

საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული და C ჰეპატიტის ელიმინაციის ჩავარდნილი პროგრამა – ასე აფასებს ოპოზიცია, აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლის თანახმადაც, საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების წამალი, უბრალოდ, გაფუჭდა. ამ საკითხზე “ევროპულ საქართველოში” დღეს ბრიფინგი გაიმართა. ცუდი მენეჯმენტი და ფინანსურად გაუთვლელი პროგრამა – სწორედ ეს მიზეზები დასახელდა დღეს ელიმინაციის პროგრამის, ფაქტობრივად, ჩავარდნის მიზეზად.

„1 წელია მიმდინარეობს პროგრამა და ის ჯერჯერობით ნახევრამდეც არ არის მისული სწორედ იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ჩააგდო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტებისთვის პროგრამა. 2020 წლის ბოლოსთვის C ჰეპატიტის სრულად აღმოფხვრა ქვეყანაში როგორც ეს დაგეგმილი იყო და ამერიკულ მხარესთან იყო შეთანხმებული, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წამლების გაფუჭების მიზეზი პაციენტების მიმართვიანობის ნაკლებობა იყო, მისივე თქმით, პაციენტებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მათ შეეძლოთ პროგრამაში უფასოდ ჩართულიყვნენ.

„ჩავატარეთ დაახლოებით მილიონ ასი ათასი ტესტი წელს და იქიდან უნიკალური ადამიანი, ვინც პირველად გამოიკვლიეს, იყო დაახლოებით 530 ათასი, ანუ ერთ წელიწადში 530 ათასი უნიკალური ადამიანი გამოვიკვლიეთ, ამავე დროს საქართველოში ასევე დაიწყო ინტეგრირებული სკრინინგი.  ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ 200-300 დოზას გველის ტოქსინის საწინააღმდეგო შრატისა, იქიდან გვჭირდება წლის განმავლობაში 10-15, დანარჩენის ჩამოწერა ხდება, მაგრამ ის უნდა გედოს მარაგში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. დასკვნის შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ბრიფინგს გამართავს.