თეა წულუკიანი არის ის ადამიანი, რომელიც პირველი გაიქცევა არჩევნების ღამეს”

მარიამ ახალკაცი

ოპოზიცია იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას ეხხმაურება, რომლის მიხედვითაც მინისტრმა განაცხადა, რომ მათ პროპორციული არჩევნები “უნდა გამოიგლოვონ”.

ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის მინისტრის დამოკიდებულება ცინიკურია და სწორედ ამგვარი განცხადებები ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების” დამარცხებას.

მმართველი გუნდის ოპონენტები სამართლიანი საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლას განაგრძობენ და დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლების წევრები დანაპირებს კვლავ არ შეასრულებენ, პიკეტირება, ქუჩის აქციები და ოპოზიციის ბოიკოტი კვლავ გაგრძელდება.

“თეა წულუკიანი არის ის ადამიანი, რომელიც პირველი გაიქცევა არჩევნების ღამეს და დატოვებს „ქართულ ოცნებას“. 3-ჯერ კი არა, 30-ჯერ უარყოფს ივანიშვილსაც და „ქართულ ოცნებასაც“ როგორც კი, არჩევნებში დამარცხდებიან. ასეთი ცინიზმი დაგვავიწყდება და ისტორიას ჩავაბარებთ, რასაც ვხედავთ მისი მხრიდან“, – განაცხადა “ახალი საქართველოს”ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ეკა ბესელია კი, მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” სრულ იზოლაციაშია მოქცეული.

“თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირება ისეთივე ფუჭი აღმოჩნდა, როგორც სამართლიანობის აღდგენა, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ იდეებს ანგრევს და აბსოლუტურ იზოლაციას ახდენს, რადგან სწორედ სამართლიანობის აღდგენის იდეით შეიქმნა „ქართული ოცნება“, – ამბობს ბესელია.

მინისტრის განცხადებას “ლელო საქართველოს” წევრი კახა კოჟორიძეც აფასებს. ის მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანის ავტორიტეტი შერყეულია.

„ბოლო დღეებში თეა წულუკიანი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. მისი ავტორიტეტი ისეთი შერყეულია და ისეთ კატასტროფულ განცხადებებს აკეთებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს ჩვენ დაგვეხმარება „ქართული ოცნების“ დამარცხებაში. ოპოზიცია აგრძელებს აქტიურობას“, – აღნიშნა კოჟორიძემ.

“თუ ჯიუტად არ სურთ ცვლილება საარჩევნო სისტემაში, ეს ცუდად დასრულდება. მოუწევთ პროტესტის ფონზე ცხოვრება და არჩევნებამდე ჩამოშლილად მისვლა. ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია მათი ქმედებები, რასაც დღეს ვხედავთ ჩვენ“, – განაცხადა დეპუტატმა.

“ორღობის სამარცხვინო დედაკაცად” იხსენიებს იუსტიციის მინისტრს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი. ელისაშვილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა “გამოიგლოვოს” ოპოზიციას პროპორციული არჩევნები, თუ ამის დაპარება თავად მმართველმა გუნდმა გასცა.

“წულუკიანმა გაიხსენოს, რომ ამ პროპორციულ არჩევნებს 20 ივნისის შემდეგ თვითონ გვპირდებოდნენ, გოგოსიან ბიჭიანად. წულუკიანი არის ორღობის სამარცხვინო დედაკაცი”, – აღნიშნა მან.