“საერთო ოპოზიციური მაგიდის ამოცანა არ არის ხელისუფლების დამხობა და დესტაბილიზაცია”

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ ვანო მერაბიშვილთან ყოველგვარ პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან ვიხილოთ მერაბიშვილი. ჩვენი პარტია კატეგორიულად არ აპირებს არანაირ თანამშრომლობას  და პარტნიორობას მასთან.   ჩვენ არ ვიცით  რომელ პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, მაგრამ თუ უერთდება ისეთ პარტიას, რომელიც წარმოდგენილია საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან, იმ პარტიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყოფილი პრემიერ – მინისტრი  არ იყოს წარმოდგენილი ამ მაგიდასთან.  ის განცხადებები,  რომელიც დღეს გაკეთდა, არანაირ თანხვედრაში არ მოდის იმ მაგიდის ამოცანებთან რაც საერთო ოპოზიციურ ძალას  აქვს“ –  განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ.

მისი განცხადებით, საერთო ოპოზიციური მაგიდის ამოცანა არ არის ხელისუფლების დამხობა, დესტაბილიზაცია და რევოლუცია!  დრო შეიცვალა და ამის სურვილი ოპოზიციაში და საზოგადოებაში არავის არ აქვს. ოპოზიცია იმიტომ არის წარმოდგენილი საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან, რომ სტაბილურად დემოკრატიული გზით მივიღოთ ნორმალური არჩევნების ჩატარების საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ შევცვალოთ ხელისუფლება. “ვინმეს რომ უნდოდეს დესტაბილიზაცია, რევოლუცია და დამხობა როგორც დღეს ითქვა, მაშინ საჭირო არ იქნება ოპოზიციური ერთობა და ჩამოყალიბდებოდა სხვადასხვა ჯგუფები,“ – აცხადებს ბიწაძე.