“ქვეყანაში კორუფცია სისტემის ნაწილადაა ქცეული”

“მინისტრის საათის” ფორმატში  ფინანსთა მინისტრის  ივანე მაჭავარიანის გამოსვლა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა მკაცრად გააკრიტიკა. მან ანტიკორუფციული სამსახურების არაეფექტურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორუფცია სისტემის ნაწილადაა ქცეული.

“თამბაქოზე არსებობს ეჭვი, რომ ამ სქემაში ივანე ჩხარტიშვილთან ერთად მთელი სახელმწიფო ინსტიტუცია არის ჩართული, რომ რამენაირად სახელმწიფო გადაწყვეტილებებით  კანონი ამ ადამიანის ინტერესს  მოარგონ. როდესაც თამბაქოზე  ზრდიდით  გადასახადს, ხომ იცოდით რომ არ იბეგრებოდა იმ თამბაქოს შემოტანა, რომელიც ნედლეულში გადიოდა. რომ ეს გამოიწვევდა  ბიუჯეტში  გადახდისუნარიანი კომპანიების მხრიდან გადასახდის განახევრებას?   არ გქონდათ გათვლა, რომ როდესაც ნახეთ 2019 წელს ბიუჯეტმა რამდენიმე მილიონი ასეული ლარი დაკარგა მხოლოდ იმის გამო, რომ სავარაუდოდ მხოლოდ ერთ ადამიანს უნდოდა ამ ბიზნესის მონოპოლია გაეკეთებინა…  სულ მესმის, რომ ჩვენი გეგმაა, რეკლამის კანონი გავიტანოთ აზარტულ თამაშებზე, რეგულაციები შემოვიღოთ. ფულის გათეთრების სერიოზული სამრეცხაოა ონლაინ კაზინოების კომპანიები და დღეს უკვე ნარკოტიკის რეალიზაციისთვისაც გამოიყენება. ნარკოტიკს ყიდულობენ ადამიანები ამ სქემის საშუალებით და ჩვენ ველოდებით როდის გაგვეღვიძება. ათასჯერ გითხარით, რომ ეს არაა ჩემი კანონპროექტი, ეს ჩვენი ყველას კანონპროექტია და ერთხელ და სამუდამოდ, გამოიტანეთ. ამით ჩვენ ყველა მივიღებთ სარგებელს. ჩვენ გვჭირდება თქვენგან ძალიან ეფექტური მუშაობა.“ – მიმართა მინისტრს გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით,  აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივებზე მუშაობს, რაც ითვალისწინებს მოთამაშეთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შექმნას და თანხების იდენტიფიცირებული არხებით მოძრაობის ვალდებულებას.

“საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და მარტივი გადასაწყვეტი არ არის. მსოფლიოში არაერთი მაგალითი არსებობდა, როდესაც არასწორად რეგულირებული სექტორი უფრო მეტი ზიანის მომტანი ხდებოდა საზოგადოებისთვის.” – განაცხადა მაჭავარიანმა დღეს პარლამენტში.