გახდი „საქართველოს მოხალისე“

24 დან -28 ივნისამდე ქ. წყალტუბოში სასტუმრო  “Tskaltubo Spa Resort” – ში მოხალისეობის განვითარების პროგრამის საქართველოს მოხალისე-ს მონაწილეები გაივლიან  4 დღიან მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს, რომელსაც ჩაატარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „Helping Hand”- ი.  ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ „მშვიდობის კორპუსის“ ამერიკელი მოხალისეები, რომლებიც „საქართველოს  მოხალისეებს“ გაუზიარებენ თავიანთ მოხალისეობრივ გამოცდილებას. შერჩეული მონაწილეები ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ  წლის ბოლომდე მიიღებენ „საქართველოს მოხალისის“ სტატუსს, მოხალისეები საკუთარი თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე რეგიონებში განახორციელებენ  ისეთ ინიციატივებს როგორიცაა:

  • მოხალისეთა კლუბების შექმნა;
  • გარემოსდაცვითი ღონისძიებები;
  • საქველმოქმედო საქმიანობა-სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების    დახმარება;
  • ფილმების ჩვენება;
  • უცხო ენის კურსების გამართვა;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები);
  • შშმ ბავშვების ინტეგრაცია;
  • ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა
  • შემოქმედებითი საღამოების გამართვა
  • ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.

27 ივნისს სემინარს გახსნის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ შექმნა მოხალისეობის განვითარების პროგრამა „საქართველოს მოხალისე რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.

პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს რეგიონებში, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით,  საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება და პოპულარიზაცია.

პროგრამის ფარგლებში,  სამინისტრომ მიმდინარე წელს, არასამთვრობო ორგანიზაცია “Helping Hand”- თან  და 10 რეგიონულ არასამთვარობო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან კონკურსის საფუძველზე შეარჩია 17-დან 25 წლამდე 128 მოტივირებული მოხალისე. 

  პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს 2016 წლის ბოლომდე საშუალება ექნებათ:

  • გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი
  • ყოველთვიურად მიიღონ საკომუნიკაციო ხარჯი 45 ლარის ოდენობით
  • მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში
  • ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service)
  • მიიღონ მოხალისეობრივი პროექტების განხორციელებისთვის დაფინანსება
  • გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები

 

კომენტარის დატოვება