“მშრალი, მოსაწყენი, წყალ-წყალა”

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას ოპოზიცია კრიტიკულად  აფასებს.  “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე თვლის, რომ ზურაბიშვილი არ წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას და ის არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური დანამატი, რის გამოც ოპოზიციამ არ დაესწრო მის მოხსენებას.

ფრაქცია  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი პრეზიდენტის გამოსვლას “წყალ-წყალას” უწოდებს.  ის ოპოზიციის ბოიკოტში ზურაბიშვილს ადანაშაულებს, რადგან სწორედ მან იცრუა გაეროს ტრიბუნიდან, თითქოს საქართველო  პროპორციულ სისტემაზე გადადიოდა. გოცირიძის აზრით ზურაბიშვილს ქვეყანაში არსებულ არც ერთ სერიოზულ პრობლემაზე არ უსაუბრია და ის არ მოიაზრებს  მას  ქართველი ხალხის პრეზიდენტად.

დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი თვლის, რომ ეს ანგარიში ძალიან ზოგადი, მშრალი და მოსაწყენი იყო, თუმცა უფრო მეტს ელოდა, რადგან ეგონა რომ პრეზიდენტი უფრო კრიტიკული იქნებოდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართ.

პრეზიდენტის გამოსვლისას იმედგაცრუებული დარჩა  ეკა ბესელიაც. ის ზურაბიშვილის მოხსენებას გლობალურს უწოდებს და ამბობს, რომ პრეზიდენტს უფრო კრიტიკულად უნდა შეეფასებინა ქვეყანაში არსებული მოვლენები.