“მხოლოდ მე ნუ დამიჯერებთ, დაუჯერეთ პროფესორებსაც!”

 

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე ხელისუფლებას მიმართავს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მდგომარეობა რთულია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია. ჩვენ როგორც იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანას, დიდი ალბათობით წინ სერიოზული გამოწვევები გველოდება. ვისურვოთ რომ კორონა ვირუსს მალე დავამარცხებთ, მაგრამ ვალდებული ვართ ვემზადოთ უარესისთვის. ვირუსული ინფექციების გარდა, მსოფლიოში მოსალოდნელია კლიმატური კატაკლიზმები, ომიანობა, ეკონომიკური კრიზისი და სხვა. ეკონომიკურ სარგებელს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მხოლოდ უსაფრთხოების გამო, ჩვენ უნდა გავხდეთ თვითკმარი სახელმწიფო! ახლა მაინც თქვით უარი ლიბერალურ „თავისუფალ ბაზარზე“, აქტიურად ჩაერიეთ ეკონომიკაში პროტექციონიზმის და პრეფერენციების მეშვეობით. მიიღეთ კანონი „სასურსათო უსაფრთხოებაზე“. სურსათს, როგორც სასიცოცხლო უზრუნველყოფის მთავარ კომპონენტს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან სურსათი მიეკუთვნება ადამიანის პირველ სასიცოცხლო საჭიროებას, სასურსათო უსაფრთხოება პრაქტიკულად უტოლდება ფიზიკურ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით მსოფლიოში დღეს არსებული სიტუაციის ფონზე. საქართველოს აქვს შესაბამისი ბიოკლიმატური პირობები, აგრარული პოტენციალი და სხვა კომპონენტები, რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფისთვის. გარდა ამისა, აქ ადამიანის კვებისთვის აუცილებელი თითქმის ყველა სახეობის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობა გაგვაჩნია! მადლობა ღმერთს ამირან გამყრელიძის მსგავსი პროფესიონალები ეკონომიკაშიც მრავლად გვყავს! დაელაპარაკეთ ჩვენს ღვაწლმოსილ მეცნიერებს, პროფესორებს და ერთობლივად დაგეგმეთ გასატარებელი ღონისძიებები! მთელი ფინანსური რესურსი მიმართეთ „სასურსათო უსაფრთხოების“ შესაქმენლად! დათვალეთ რა კულტურას და რამდენ ტონას მოვიხმართ ერთი წლის განმავლობაში..ახლა გაზაფხულია დაამუშავეთ მიწები მთელი საქართველოს მასშტაბით! განა შეიძლება ხორბლის სამშობლო გვერქვას, მსოფლიოში არსებული 23 სახეობის ხორბლის ჯიშიდან 14 ქართული ჯიში იყოს და ხორბლის რუსეთიდან ექსპორტზე ვიყოთ დამოკიდებული? შექმენით ფერმები! ძალიან კარგია, რომ წელს მიიღეთ 200კილოგრამზე ზევით ცოცხალი საქონლის გატანის აკრძალვა, მაგრამ ეს მაშინ გააკეთეთ, როდესაც ურემი გადაბრუნდა, ქვეყანაში ცოცხალი საქონელი ფაქტიურად აღარ დარჩა და საქონლის ფასი თითქმის 30 ლარამდე ავიდა. ვიცი არც ამას დამიჯერებთ, მაგრამ მე ვალდებული ვიყავი გამეფრთხილებინეთ, როგორც წლების წინ გაფრთხილებდით, რომ მსოფლიოში მოსალოდნელი კრიზისების დასაძლევად, შეგექმნათ “სასურსათო ეკონომიკური უსაფრთხოება”. გაფრთხილებდით, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით მწარმოებელი სახელმწიფო და არა მხოლოდ მომხმარებელი, არ შეიძლებოდა ტურიზმი ყოფილიყო მთავარი ფულის შემომტანი სფერო და არ უნდა ვყოფილიყავით მხოლოდ ემიგრანტების ფულადი გზავნილების იმედად! მხოლოდ მე ნუ დამიჯერებთ, დაუჯერეთ ნიკო ნიკოლაძეს, ქართველ პროფესორებს პაატა კოღუაშვილს და მიხეილ ჯიბუტს, ბრიტანელ პროფესორს რობერტ უეიდს, გერმანელ ეკონომისტს ფრიდრიხ ლისტს, ამერიკელ პოლიტოლოგს ჩალმერს ჯონსონს, ამერიკელ ეკონომისტს იოზეფ შტიგლიცს, ნორვეგიელ ეკონომისტს ერიკ რეინკერტს და სხვებს…”