“მორწმუნეც და ურწმუნოც ვალდებულია უპირობოდ დაემორჩილოს “უმაღლესი ხელისუფლების” ამ ბრძანებას”

დეკანოზი თამაზ ლომიძე

რატომ უნდა დაემორჩილოს ყველა, მათ შორის ეკლესია და მორწმუნე ხალხიც საგანგებო მდგომარეობას უპირობოდ? იმიტომ, რომ ამ მორჩილებით თქვენ აღასრულებთ ახალი აღთქმის ერთ-ერთ მთავარ მცნებას: – დაემორჩილეთ უმაღლეს ხელისუფალს! რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, წმინდა წერილი ასე ამბობს: “ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება (უმაღლესი მთავრობა), თუ არა ღმრთისაგან; დიახ, ყოველი ხელმწიფება ღმრთის მიერაა დადგენილი” (რომ.13.1) – ბრძანებს წმ. პავლე მოციქული და ამატებს: ხელისუფალს “ტყუილად როდი არტყია ხმალი (ფლობს ძალას) იმისათვის რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. ამიტომაც გვმართებს მორჩილება არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინდისითაც. (რომ. 13.3-5).

ე.ი. ახალი აღთქმა მოგვიწოდებს დავემორჩილოთ ხელისუფლებას არა მხოლოდ შიშის გამო, არამედ შეგნებით და სინდისით.

შეიძლება და ვალდებულიც ხარ არ დაემორჩილო ხელისუფალს თუ იგი უღვთო და ბოროტი საქმის ჩადენას გაიძულებს და წუწუნის და ჩივილის გარეშე მზად იყო მიიღო კიდეც სასჯელი. ეს დიდი საქმეა. მაგრამ უგუნურება და ამპარტავნებაა, არ დაემორჩილო ხელისუფლების აბსოლუტურად გონივრულ და საციცოცხლოდ აუცილებელ განკარგულებას.

მხოლოდ იმის გამო, რომ არ დაემორჩილნენ ხელისუფლების გაფრთხილებას, არ დარჩნენ სახლში, არ მოერიდნენ ერთმანეთთან კონტაქტს და დააგვიანეს რეაგირება, იტალიაში სულ რამდენიმე კვირაში კორონა ვირუსით გარდაიცვალა 4825 ადამიანი. ახლა ევროპის ქვეყნების მთავრობები უმკაცრეს საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ, სახლიდან გასვლის და შეკრების უფლების შეზღუდვით, დაკეტილია ეკლესიებიც, რათა პანდემიამ უმართავი კატასტროფის სახე არ მიიღოს. იგივე გააკეთა აბსოლუტურად მართებულად საქართველოს ხელისუფლებამ და ყველა – მორწმუნეც და ურწმუნოც ვალდებულია უპირობოდ დაემორჩილოს “უმაღლესი ხელისუფლების” ამ ბრძანებას. დღეს ესაა ერთადერთი მართებული ქრისტიანულიც და მოქალაქეობრივი პოზიციაც.