“ყოველმა ადამიანმა თვითონ უნდა შექმნას თავისი სულიერი ჯვარი”

დიდი მარხვის მესამე კვირიაკეს მართლმადიდებლური ეკლესია ჯვრის თაყვანისცემის დღეს აღნიშნავს.
მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ, 326 წელს ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე ცხოველსმყოფელი უფლის ჯვარი  მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოვლენა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს მოხდა.
პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანისცემის დღეს ყვავილებით შემკულ ჯვარს ტაძრებში შუა ადგილას აბრძანებენ, სადაც მორწუნეებს მისი თაყვანისცემის საშუალება ეძლევათ.
როგორც საქართველოს პატრიარქი განმარტავს, ჯვარს აქვს უდიდესი ძალა და ყოველმა ადამიანმა თვითონ უნდა შექმნას სულიერი ჯვარი, რადგან ბედნიერია ის ადამიანი და ერი, რომელიც თავის ჯვარს ბოლომდე მიიტანს და გახდება სასუფევლის მკვიდრი.
” ხშირად ვამბობთ, რომ მძიმეა ჩვენი ჯვარი. ღმერთი აძლევს ჯვარს იმის მიხედვით, თუ რა ძალა გააჩნია ადამიანს. თუ შენ გიმძიმს ჯვრის ტვირთვა, უფალი თავად მოდის შენთან და გეხმარება, რათა ავდგეთ და განვაგრძოთ ჩვენს გზაზე ჩვენივე ჯვრით სიარული.”-ამბობს უწმინდესი.