,,სოკარი” გაზს შეუწყვეტს აბონენტებს რომლებიც დავალიანებას ვერ გადაიხდიან

24 მარტის მდგომარეობით, „სოკარი“ არ აპირებს მოქალაქეებს, რომლებიც გაზის დავალიანებას ვერ იხდიან, თანხის გადახდა გადაუვადოს. „სოკარის“ წარმომადგენლები თითოეულ ასეთ აბონენტთან მიდიან და ეუბნებიან, რომ გაზს ჩაუჭრიან, თუკი მიმდინარე დავალიანებას ვერ გადაიხდიან.

კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ ვმუშაობთ ჩვეულებრივ რეჟიმში. ყველა იმ პროცედურების დაცვით, რაც საგანგებო მდგომარეობამდე გვქონდა. ეს პროცედურები: დარიცხვა, გადახდა, ვცდილობთ, რომ გაკონტროლებული იყოს. ამ რეჟიმიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ დისტანციურად, ტელეფონით, სხვადასხვა საშუალებით შევახსენოთ აბონენტებს, რომ გადასახდელი აქვთ  მიმდინარე თანხები. მთელი ერთი კვირა ამაზე ვიმუშავეთ. ვინც ვერ გადაიხადა, იძულებული ვართ, რომ მათთან გავთიშოთ გაზის მიწოდება, რომ დავალიანება კიდევ უფრო არ გაიზარდოს,“ –  ამბობს ვახტანგ ბერიშვილი.

„მესმის ეს მდგომარეობა, მაგრამ ინდივიდუალურად, ერთეულების გადასაწყვეტი თემა არაა. სახელმწიფოსთანაც ალბათ რაიმე მოლაპარაკება შეიძლება მიმდინარეობდეს. რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და განაცხადა, რომ კომუნალურ გადასახადებზე ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არაა ან გადავადებაზე, ან განულებაზე, ან სხვადასხვა ღონისძიებებზე. ისიც მოვისმინეთ, რომ რაღაც კომუნალურ ვაუჩერზე იყო საუბარი. სხვა რამე დამატებითი დავალება ან შეთანხმება ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს.  თუ თანხას ვერ გადაიხდიან, გაზის მიწოდება შეუწყდებათ, მიმდინარე ვალებზეა საუბარი“.