“რეფორმატორები” არჩევნების 2021 წლის გაზაფხულზე გადატანას ითხოვენ

პ/გ რეფორმატორების განცხადება

ჩვენ ხუთი დღის წინ გავაკეთეთ განცხადება, სადაც მივმართეთ პოლიტიკურ ძალებს, როგორც ოპოზიციურს, ისე სახელისუფლებო პარტიას. განცხადებაში საუბარი იყო ინიციატივაზე, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბრის ნაცვლად გადავიტანოთ, 2021 წლის გაზაფხულზე, ხოლო არჩევნების ჩასატარებლად განკუთვნილი ბიუჯეტი აუცილებლად უნდა მოხმარდეს სწრაფი ეკონომიკური და სოციალური ეფექტის მქონე პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებას და საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, აუცილებლად უნდა შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის და კომისიების წევრების დაკომპლექტების წესი. იქვე განვმარტეთ, რომ ინიციატივა არჩევნების გადატანასთან დაკავშირებით, აგვაცილებს საფრთხეს არჩევნები ჩატარდეს არსებული სისტემით და ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებით ვერ მოახერხოს სპეკულაცია ამ თემაზე.

როგორც ვივარაუდეთ, პანდემიის მიზეზით ხელისუფლება დღეს უკვე მკაფიოდ ალაპარაკდა, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე. ამ შემთხვევაში, გადაჭრით შეიძლება ითქვას, საარჩევნო ცვლილებები ვერ მოესწრება. მიუხედავად მოვლენების ამგვარი განვითარებისა, ჩვენი ინიციატივა ერთხმად დააიგნორა, როგორც ხელისუფლებამ, ასევე სამწუხაროდ ოპოზიციამაც.

ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, სასწრაფოდ დავიწყოთ კონსულტაციები არჩევნების გადადების შესახებ ქართულ ოცნებასთან ერთად და მივიღოთ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

დროის ფაქტორის მიზეზით, საარჩევნო ცვლილებების ვერ განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ რეფორმატორები სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებასთან ერთად დავაკისრებთ ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას თუ ჯგუფს, ვინც მონაწილეობას იღებს, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს.

 

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიური გავრცელება მთელ მსოფლიოში რადიკალურად ცვლის უამრავი ქვეყნის, მთლიანი მოსახლეობის ცხოვრების წესს, საქმიანობის ფორმებს, ბიზნესისა დ ასწავლა-განათლების განხორციელების ტრადიციას. დღეს უამრავი კითხვა ჩნდება საქართველოში სოციალური და ეკონომიკური კატაკლიზმების თავიდან ასაცილებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და ჯერჯერობით გაუგებარია ქვეყნის ანტიკრიზისული სტრატეგიის პრიორიტეტები.

 

პანდემიამ შეცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი. გაურკვეველია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბედი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, თუმცა გაუგებარია, მოესწრება თუ არა იმ დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება, რაც შეთანხმებულია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინი, რა დროსაც არჩევნები არ ტარდება. კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები ინიშნება საგანგებო მდგომარეობის მოხსნიდან 45-60 დღის შემდეგ.

 

იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილს მოიხსნება, მაშინ საკონსტიტუციო და სხვა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები მოესწრება და პრობლემა არ იქნება მისი ჩატარება, მაგრამ თუ ახალი კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას და დინამიკას დავაკვირდებით და ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზებს დავეყრდნობით, შესაძლოა, ვირუსის გავრცელების შეჩერებამ და მის მიერ გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ადამიანური ზიანის შედეგების აღმოფხვრამ ბევრად შორს გადაიწიოს. ამ შემთხვევაში კი, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, არჩევნების შეთანხმებული (120/30) წესით ჩატარებას სერიოზული პრობლემები შეექმნება.

 

ეს თავის მხრივ ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების და ჩვენი დასავლელი პარტნიორების: ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით მოპოვებული ზემოთ ნახსენები შეთანხმება წყალში ჩაიყრება და ხელისუფლება მარტივად გაიფორმებს უმრავლესობას, რაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად არ წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ინტერესს და მოლოდინს და არც ქვეყნის მომავალ განვითარებასა და მის საერთაშორისო იმიჯს წაადგება სასიკეთოდ. ამიტომ, აუცილებელია შეიქმნას გარკვეული წინაპირობა იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი მანიპულირება უკვე შეთანხმებული საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით.

 

ჩვენ, რეფორმატორებს მიღწეული შეთანხმების დასაცავად, საარჩევნო სისტემის ერთგვარი დაზღვევა მიგვაჩნია ყველაზე აუცილებელ საკითხად. გასათვალისწინებელია, რომ უკვე გამოჩნდნენ ცალკეული პოლიტიკოსები, ვინც ირიბად დაიწყეს საუბარი არჩევნების შეთანხმებამდე არსებული სისტემით (77/73) ჩატარების შესაძლებლობაზე, რაზეც პოლიტიკური გაერთიანება რეფორმატორები შემოვდივართ წინადადებით და მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, ხელისუფლებას და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს:

 

  1. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იქნეს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება არჩევნების 2021 წლის გაზაფხულზე გადატანის შესახებ და მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე განხორციელდეს ყველა საჭირო საკანონმდებლო, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილება. ეს არჩევნების ახალი ფორმატით ჩატარების საშუალებას მოგვცემს. ამასთან, არჩევნების გაზაფხულზე გადატანის გადაწყვეტილება, ხელისუფლებას ხელიდან გამოაცლის კონსტიტუციით სპეკულაციის საშუალებას და გამორიცხავს არჩევნების ჩატარებას უკვე არსებული სისტემით, დროის სიმცირის მომიზეზებით.

 

  1. საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად განკუთვნილი ბიუჯეტი აუცილებლად უნდა მოხმარდეს სწრაფი ეკონომიკური და სოციალური ეფექტის მქონე პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით თვითუზრუნველყოფისკენ სამოქმედო გეგმის შემუშავებას და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების პიროებების შექმნას.

 

  1. საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, აუცილებლად მიგვაჩნია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარის არჩევის და კომისიების წევრების დაკომპლექტების წესის ცვლილება“, – აცხადებს დავით მიროტაძე.

 

შეგახსენებთ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.