ონლაინ ვაჭრობა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი და პირველი დარგი, ვინც საქმიანობის განახლებას შეძლებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, დამატებით იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს ერთ კვირაში შემოწმდება 260-მდე ობიექტი, რომელთაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მიმართეს საქმიანობის ოლნაინ რეჟიმში გაგრძელებისა და მოხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით. მათ შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიით და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით ონლაინ ვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიები.

შემოწმების ფარგლებში კომპანიები ვალდებული იქნებიან დააკმაყოფილონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი გაიდლაინის მიხედვით მოთხოვნილი რეკომენდაციები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოესი დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ათობით კომპანია შემოწმდება, რომლებიც ონლაინ ვაჭრობას ეწევიან ან აქვთ სურვილი, გადაეწყონ და სავაჭრო საქმიანობა ონლაინ გააგრძელონ.

„უახლოესი დღეები კონცენტრირებული ვიქნებით ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმებით, ვინაიდან როგორც კი დაიწყება საგანგებო შეზღუდვების შერბილება, ონლაინ ვაჭრობა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი და პირველი დარგი, ვინც საქმიანობის განახლებას შეძლებს – აღნიშნა ნათია თურნავამ.