დაგვემატა კიდევ ერთი ამოცანა – გავაცოცხლოთ პოლიტიკური პროცესი…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის მოლოდინშია, ამიტომ კორონავირუსთან ბრძოლის ფორმატში შექმნილი საკოორდინაციო საბჭო აქტიურ მუშაობას აგრძელებს:

“კარგად უნდა გვესმოდეს რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა 11 მარტს და ეს პანდემია ჯერ არ მოუხსნია, რაც უკვე გვაძლევს იმის საშუალებას და გვაიძულებს, რომ ვიბრძოლოთ ამ პანდემიის წინააღმდეგ. ამ საბჭოს მუშაობას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა.

არაფერი არ დასრულებულა, ჩვენი ძირითადი ამოცანა ახლა გახლავთ შემდგომში, რომ ჩვენ არა ერთბაშად, ეტაპობრივად, უკიდურესად ფრთხილად ავამუშაოთ ეკონომიკა. დაგვემატა კიდევ ერთი ამოცანა – გავაცოცხლოთ პოლიტიკური პროცესი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი მსოფლიო დღეს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ემზადება ეპიდემიის მეორე ტალღისთვის, რაც არის უკიდურესად დიდი გამოწვევა და ზაფხულის თითოეული თვე შემოდგომამდე, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ უკიდურესად მზად და ისეთივე წარმატებულები, როგორიც ვიყავით ამ პანდემიასთან ბრძოლაში, სამწუხაროდ გაჩნდა ასეთი ლექსიკა – პირველი ტალღის ეტაპზე. ამიტომ საბჭო გააგრძელებს მუშაობას იგივე ფორმატში ჩვენთვის არაფერი არ იცვლება, გვემატება ეკონომიკაზე ზრუნვა და პოლიტიკურ პროცესზე და არჩევნებზე ზრუნვა,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.