თავიდან ბევრი ,,მკვახე” პოსტი მივუძღვენი, მერე მისმა მუშაობამ აზრი შემაცვლევინა…

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი პოსტს ტოვებს და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო სტრუქტურებში ინიშნება საქართველოს ელჩად.

ამ გადაწყვეტილებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა ეხმიანება:

-მინდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან დაკავშირებული მოსაზრება გამოვთქვა (ცნობილი გახდა, რომ 15 ივნისიდან ის ახალ, დიპლომატიურ თანამდებობაზე ინიშნება ვენაში).

ვერ ვიტყვი, რომ თავის დროზე ციხელაშვილის დანიშვნას სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე,
როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირი, აღფრთოვანებული შევხვდი ( შესაბამისი, საკმაოდ ,,მკვახე”, პოსტითაც დავაფიქსირე აღნიშნული), მაგრამ მისმა შემდგომმა საქმიანობამ ამ სფეროში აზრი შემაცვლევინა და ამას საჯაროდ ვაცხადებ-აფხაზეთის პრობლემატიკასთან მიმართებაში იგი ყოველთვის გულწრფელი იყო, არ გვევლინებოდა წუთიერი ეფექტის მოსაპოვებლად ილუზიური გამონათქვამების ავტორად, აფხაზეთიდან დევნილთა პოლიტიკური და სოციალური დაცულობის პრობლემატიკის აქტუალურ, რიგ შემთხვევაში , უაღრესად მწვავე საკითხებს არასოდეს უვლიდა გვერდს, აცხადებდა მუდმივ მზადყოფნას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და არამარტო, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის მიმდინარე პროცესებისათვის მეტი დინამიზმის მინიჭებისათვის. და, რომ აფხაზეთის გარშემო არსებული მდგომარეობა ჯერ კიდევ, ჩვენდა სამწუხაროდ, სრულიად არ აკმაყოფილებს, როგორც აფხაზეთის ძირძველი მაცხოვრებლების, ასევე საქართველოს ყველა მოქალაქის სამართლიან წარმოდგენებს, შეუძლებელია მარტო ციხელაშვილისა და მისი ხელმძღვანელობით მომუშავე სამინისტროს დავაბრალოთ, რამეთუ აფხაზეთი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მულტისექტორული საკითხია და მის გადაწყვეტას არაერთი, საგარეო და საშინაო სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური კომპონენტის, მიზნობრივი მიმართვა ესაჭიროება. მართალია, ქალბატონმა ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთში ვერ დაგვაბრუნა, მაგრამ დაგვიტოვა აშკარად გამოხატული, გულწრფელი და უეშმაკო პატივისცემა აფხაზეთიდან დევნილებისადმი, ეს კი, დამეთანხმეთ, არც ისე ცოტაა და მისი დაუნახაობა უმადურობა იქნებოდა ( ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ).

მადლობა მას ამისთვის და ვუსურვოთ წარმატებები ახალ თანამდებობაზე!

საქართველო და ქართველებო, გვევალება აფხაზეთი!