შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით დღემდე უცნობი დეტალები გამოიკვეთა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ოჯახის ადვოკატმა და ოჯახმა პრესკონფერენცია გამართეს.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით დღემდე უცნობი დეტალები გამოიკვეთა. საუბარია თეთრიწყაროს ტყეზე, სადაც ახალგაზრდა პროგრამისტი, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ავტომობილი, რომელშიც გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, 5 დღე შემთხვევის ადგილზე არ მდგარა.

“მოგეხსენებათ, როდესაც ავტომობილი აღმოაჩინეს და საუბარი იყო, რომ მთელი 5 დღის განმავლობაში ანუ 18 ივლისიდან ავტომობილი იდგა იმ ადგილზე და შემთხვევით აღმოუჩენია მწყემსს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს ავტომობილი დგას, ყველანაირად მიმდინარეობდა დრონის მიერ იმ ადგილმდებარეობის დათვალიერება, ვერ მოახერხა დრონმა ეს ყველაფერი დაეფიქსირებინა. მე გარკვეული პერიოდი ვცდილობდი დავრწმუნებულიყავი, რამდენად სიმართლეს ამბობდნენ პოლიციელები, მაგრამ დავრწმუნდი, რომ არის აბსოლუტურად ძალიან დიდი სიცრუე,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, ისინი ხვალ გენერალურ პროკურორს ისევ შეხვდებიან.