როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება პანდემიისკენ იყო მიმართული, ოკუპანტებმა მაშინ დაიწყეს ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმა

„იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ, ჩვენი მთავარი ინსტრუმენტია საერთაშორისო ფორმატის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მოწინავე პოზიციებზე დაყენება“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

„იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ, მათ შორის ადამიანების გატაცება, ჩვენი მთავარი ინსტრუმენტია საქართველოს საკითხის მოწინავე პოზიციებზე დაყენება საერთაშორისო ფორმატის პოლიტიკურ დღის წესრიგში, რადგან რუსეთმა მუდმივად იგრძნოს დისკომფორტი; რომ არ იყოს იმ ნარატივის გავრცელების შესაძლებლობა, როდესაც ისინი ამბობენ, რომ იქ არაფერი არ ხდება, საქართველოში ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება; რომ განსხვავებულია საქართველოს ვითარება უკრაინისგან.

ეს არის მთავარი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მუდმივად შეახსენოს რუსეთს, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართულნი პროცესის მოგვარებაში და რუსეთს მუდმივად ახსენებენ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება პანდემიისკენ იყო მიმართული, სწორედ მაშინ დაიწყეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩვენთვის ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე – ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმა.

მინისტრის შეფასებით, ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა და უკანონო ქმედება.

მისივე თქმით, როდესაც გამოძიება წყაროს დაადგენს, ქვეყანაც დასახელდება და ის სტრუქტურა, საიდანაც კიბერთავდასხმა განხორციელდა.