„არც ერთი შეცდომა არ დაგვიფარავს…ჩემი მინისტრობის პერიოდში სრული აღმშენებლობა დავიწყეთ ჯარში..“

ტელეკომპანია  „პალიტრანიუსზე“ გადაცემაში  „დღის ნიუსრუმი“  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის რვაწლიანი პერიოდი შეაფასა და დაშვებულ  შეცდომებზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  დღევანდელ ხელისუფლებას შეცდომების აღიარებისა და მათი გამოსწორების უნარიც შესწევს.  მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა  კიდევ ერთხელ სწორ  გადაწყვეტილებას მიიღებს: „არც ერთი შეცდომა არ დაგვიფარავს და არ გვითქვამს, რომ უშეცდომოები, იდეალურები ვართ.  იყო რაღაც შეცდომები, გადაცდომები, მაგრამ ჩვენ როგორც ხელისუფლებას,  შეგვწევს იმის უნარი, რომ ეს შეცდომები დავინახოთ, გამოვასწოროთ და წინსვლა გავაგრძელოთ. რაც შეეხება  რეიტინგებს, გამოკითხვების მიხედვით, „ქართული ოცნების“  რეიტინგი 55-56%-ს შეადგენს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს მინიმუმ ოთხჯერ, მთლიანად ოპოზიციური პარტიების რეიტინგს  ორჯერ აღემატება. საბოლოო რეიტინგსა და შედეგებს კი, არჩევნების დღე განსაზღვრავს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილს  NDI-ის  კვლევები   და წინასწარი   შედეგები არასარწმუნოდ მიაჩნია და  აღნიშნული   ინსტიტუტისა და „ნაციონალური მოძრაობის“  თანამშრომლობა გაიხსენა: „წლების განმავლობაში მათი არცერთი კვლევა არ არის სარწმუნო. ასე იყო 2012 წლამდე, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ 10-12% ჰქონდა რეიტინგი.  შემდეგ წლებშიც, ბოლო არჩევნებშიც თუ მის კვლევებს გადავხედავთ, არცერთი კვლევის შედეგი სარწმუნო არ არის. სამწუხაროდ, NDI-ის ბრენდს და სახელს ბოროტად იყენებს „ნაციონალური მოძრაობა.“

სკეპტიკურად განწყობილ და ჩამოუყალიბებელ ამომრჩევლებთან დაკავშირებით,  ირაკლი  ღარიბაშვილი განმარტავს, რომ ასეთი ამომრჩევლების დარწმუნება  დიდწილად ხელისუფლების ეფექტიან მოქმედებასა და კომუნიკაციის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენ ძალიან ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მინისტრობის პერიოდში სრული აღმშენებლობა დავიწყეთ ჯარში“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ პროცესს  გუნდთან ერთად, შემუშავებული კომპლექსური ხედვით ხელმძღვანელობდა, რომელიც, ძირითადად, ჯარისკაცებზე ზრუნვას ეფუძნება. ინტერვიუში მინისტრმა ისაუბრა სამხედროების ხელფასების ზრდაზე, მათი სოციალური პირობების, სამედიცინო დაზღვევისა და ჯარში კვების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მან ყურადღება გაამახვილა მახათას მთაზე სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის დაწყების პროცესზე, ასევე, ნატოს სტანდარტის სამხედრო ფორმებითა და ბათინკებით სამხედროების უზრუნველყოფაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმა ჯარის შეიარაღებასა და საბრძოლო მომზადებისკენაა ორიენტირებული. „ჩვენ დავიწყეთ შეიარაღების შესყიდვა, დავამატეთ „ჯაველინები“, „მ4“-ები, რომლითაც ჯარის სრული აღჭურვა მოხდება, გავაფორმეთ კონტრაქტი ისრაელის სახელმწიფო კომპანია “რაფაელთან”. ერთ წელიწადში ჩვენი საზენიტო-სარაკეტო სრულად მოდერნიზებული იქნება. ასევე, დავიწყეთ ავიაციის აღდგენა“, – აღნიშნა მან.

მინისტრის განმარტებით, იგეგმება ადგილობრივი სამხედრო წარმოების განვითარება: „ჩვენ გვინდა ადგილობრივი წარმოების განვითარება, ეს იქნება „დრონების“, უფრო სერიოზული ჯავშანტექნიკის წარმოება და არა ის სათამაშო, რითაც სააკაშვილი ამაყობდა. ჩვენ ყველა მიმართულებით 100%-იანი გაუმჯობესება გვაქვს“.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

https://www.gmtv.ge/80777-2/