რაც ჯერ არ უთქვამს – ნათელა მაჭავარიანი თვითმფრინავის ბიჭებზე (ვიდეო)

1984 წლის 3 ოქტომბერს, 23 წლის ქართველი ნიჭიერი მსახიობი გერმანე (გეგა) გეგა კობახიძე დახვრიტეს – 1983 წელს თვითმფრინავის გატაცებისა და საბჭოთა იმპერიის საზღვრების უკანონოდ დატოვების მცდელობის გამო მას სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს.

გეგა კობახიძე 1961 წლის 6 ივნისს თბილისში, ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ვერ მოეწყო და დედამ თავისთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სცენის მუშად წაიყვანა, სადაც ერთი წელი დაჰყო. მეორე წელს კი სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა.
1983 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
პირველად კინოში 5 წლისა გადაიღეს ფილმში „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ (ნ. მჭედლიძე, 1966). შემდეგ მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ლაზარეს თავგადასავალი“ (ქ. ხოტივარი, რ. ხოტივარი, 1975). მონაწილეობს ფილმებში: „აურზაური სალხინეთში“ (ლ. ღოღობერიძე, 1975), „ჩიტის რძე“ (ნ. სანიშვილი, 1975), „ის ჩვენთან დარჩეს“ (ი. ტარკოვსკაია, 1975, რუსეთი), „ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა“ (ა. ნინუა, 1977), „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“ (ბ. წულაძე, 1981, ნუკრი) და სხვა. 1983 წელს თენგიზ აბულაძემ მიიწვია თორნიკე არევაძის როლზე ფილმში „მონანიება“, მაგრამ ეკრანზე ის მაყურებელს არ უნახავს, ფილმის გადაღება დასრულებული არ იყო, რომ გეგა კობახიძე დააპატიმრეს. მისი მონაწილეობით გადაღებული კადრები გაანადგურეს.