საპატრულო პოლიცია მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს

მეტროსადგურებთან პოლიციის ინტენსიური მონიტორინგი გრძელდება. მიზანი COVID19 – ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, COVID19 – ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ.

დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების ტარებას აკონტროლებენ.

საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მოქალაქეებს პირბადეებით უზრუნველყოფენ. კონტროლი საპატრულო პოლიციის მიერ მეტროსადგურების შიდა ტერიტორიაზეც ხორციელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.