იმედია ოპოზიციასთან დიალოგი მეათე მოწვევის პარლამენტში გაგრძელდება, ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება არ განიხილება

“ღამის კურიერის” ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ იმედი აქვს ოპოზიციასთან დიალოგი პოლიტიკურ მაგიდასთან არ დასრულდება  და  მეათე მოწვევის პარლამენტში გაგრძელდება.

“არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს დიალოგი დასრულდება პოლიტიკურ მაგიდასთან და იმედი მაქვს, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება მეათე მოწვევის პარლამენტში.

ჩვენ მოგვიწევს პოლიტიკურ დიალოგზე დაფუძნებული კულტურის დაფუძნება და მეტი თანამშრომლობა. გამოწვევები, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს მოითხოვს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას.

არის საკითხები, სადაც პოლიტიკურ პარტიებს უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის “კოვიდ 19″, ეს არის საქართველოს გეოსტრატეგიული ინტერესები,”- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

აქვე პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენება პოლიტიკურ მხარეებს მოლაპარაკების საგანი ვერ გახდება.