ლოგიკური ახსნა, თუ რატომ ხდება ზოგი ჯანმრთელი ადამიანი განსაკუთრებით მძიმედ ავად კოვიდით…

ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ერთ-ერთი ლოგიკური ახსნა, თუ რატომ ხდება ზოგი ჯანმრთელი ადამიანი განსაკუთრებით მძიმედ ავად კოვიდით.

მეცნიერთა ჯგუფი, პოლ ბასტარდის ხელმძღვანელობით ფიქრობს, რომ ეს აუტოანტისხეულების ბრალია, რომელსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა გამოიმუშავებს საკუთარი ინტერფერონების წინააღმდეგ. ( ინტერფერონები იმუნური სისტემის ძირითადი პროტეინებია ).
ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს აუტოანტისხეულები კოვიდამდე არავითარ პრობლემას არ იწვევდნენ იმ ადამიანებში, რომელთა იმუნურ სისტემას აღნიშნული დეფექტი გააჩნია. კორონავირუსი კი ისე ააქტივებს ამ პრობლემას, რომ პოტენციურად ფატალურს ხდის.

საინტერესოა აგრეთვე ისიც, რომ ასეთი აუტოანტისხეულები 94 % შემთხვევაში აქვთ მამაკაცებს. ამიტომაც მიმდინარეობს ალბათ კოვიდი მამრობითი სქესის პაციენტებში მძიმედ უფრო მაღალი სიხშირით. ცნობილია, რომ რამდენიმე გენი, რომელიც პასუხისმგებელია ვირუსების შეტევაზე იმუნური პასუხისთვის, X ქრომოსომაზეა განლაგებული. ვინაიდან ქალებში 2 X ქრომოსომაა, ერთი დეფექტური X შესაძლოა კომპენსირებული იქნეს მეორე, ჯანმრთელი X-ით; კაცებს კი მხოლოდ ერთი X ქრომოსომა აქვთ, შესაბამისი შედეგებით.
აქვე ერთი საინტერესო დეტალიც. სამაგიეროდ, ქალებს 4-ჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ რომ განუვითარდეს ხანგრძლივი სიმპტომები კოვიდის შემდეგ, როგორებიცაა – დაქანცულობა-სისუსტე; გონების დაბინდვა, ე.წ. “დანისლული ტვინი”.

არსებობს სპეციალური ტესტების ორდღიანი ციკლი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ინტერფერონების საწინააღმდეგო აუტოანტისხეულების აღმოჩენა ორგანიზმში. ამ ტესტის პასუხის მიხედვით წინასწარ შეიძლება განსაზღვრა, თუ რომელ, ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელ ადამიანს დაუმძიმდება კოვიდ-ინფექცია. ფრანგულ ჰოსპიტლებს პარიზში უკვე შეუძლიათ ამ ტესტების ჩატარება ექიმის მოთხოვნის საფუძველზე.

თუმცა, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა მხოლოდ ამ მიზეზით აიხსნას კორონას ვერაგობები, რადგან მიუხედავად ლოგიკურობისა, კოვიდით დაღუპულთა მხოლოდ 10%-ს აღმოაჩნდა ეს აუტოანტისხეულები.

ასეა თუ ისე, ერთერთი საინტერესო კვლევა და ჰიპოთეზაა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ეფექტური მედიკამენტის შემუშავება, მაგალითად იმ ინტერფერონების, რომელიც აკლია ორგანიზმს აუტოანტისხეულების გამო.