ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის მთელ სპექტრთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან იქ არიან ძალები, რომელთა მთავარი მიზანი საბოტაჟია

ოპოზიციის მთელ სპექტრთან შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე ნათლად მეტყველებს ის საჯარო განცხადებები, რასაც ოპოზიციის ნაწილი აკეთებს.

„გავიხსენოთ რა იყო მთავარი საფუძველი იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა – პირველი ეს იყო „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც გაქარწყლდა, გაბათილდა და პირდაპირ დაემთხვა „ცესკოს“ შედეგებს. ეს ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ცესკოში არაფერი არ გაფუჭებულა არცერთ დონეზე. რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს, ასეთი ფაქტები იყო, მაგრამ რაც დადასტურდა, ორჯერ მეტი ოპოზიციის მხრიდან გამოვლინდა. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, არჩევნების მეორე დღეს არასამთავრობო სექტორი გამოვიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უპრეცედენტო რაოდენობის ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. თუმცა შემდეგ „ტრანსფარანს ინტერნეიშენალმა“ განაცხადა, რომ ასეთი ფაქტები არ ყოფილა“, – განაცხადა სამხარაძემ.