ნათია თურნავა – ჩვენ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით მივდივართ, რაც მთავარია ბიზნესის წარმომადგენლებს ლოგიკა ავუხსენით, მათი დაკეტვა და უახლოეს პერიოდში არ გახსნა ჩვენი ნება-სურვილი არაა

ჩვენ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით მივდივართ, რაც მთავარია ბიზნესის წარმომადგენლებს ლოგიკა ავუხსენით, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ყოველი კვირის განმავლობაში მოხდება რეგიონებში დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი.

„შეხვედრას ეკონომიკურ გუნდთან ერთად ესწრებოდა ამირან გამყრელიძე და ეკატერინე ტიკარაძე, მათ დაასახელეს კონკრეტული კრიტერიუმები და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ეგრეთ წოდებული დადებითობის მაჩვენებელია. ასევე ვისაუბრეთ იმ შემსუბუქებაზე, რაც უკვე სახეზეა აჭარაში, სადაც 1-ელი თებერვლიდან სარესტორნო ღია სივრცეები იწყებს ფუნქციონირებას, იხსნება სკოლები. ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით არასასურსათო ვაჭრობის საცალო ქსელები იხსნება და ესაა საკმაოდ თამამი პირველი ნაბიჯები. ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით მივდივართ. გვესმის, რომ ეს ლოგიკა შეიძლება კონკრეტულ საოჯახო სასტუმროს ბევრს არაფერს აძლევს, რადგან მართლაც ძალიან გასაჭირში არიან, სეზონი პრაქტიკულად იკარგება, მაგრამ ისიც ხომ გასაგებია, რომ მათი დაკეტვა და უახლოეს პერიოდში არ გახსნა ჩვენი ნება-სურვილი არაა. რეგიონ-რეგიონ წავალთ, ყოველი კვირის თავზე მოხდება დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ეტაპობრივად დავამატოთ სხვა დარგების გახსნა,” – განაცხადა ნათია თურნავამ.