ალექსანდრე კობაიძე – უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ციხეებში, სამწუხაროდ, კოვიდაფეთქებაა, აუცილებელია  „უდოს“ კომისია უფრო ეფექტურად ამუშავდეს , რათა არ დადგეს  სავალალო შედეგები

დღეს, უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ და პატიმრების ოჯახის წევრებმა ქუთაისში პატიმრების მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათ, ხელისუფლებას ჰუმანური აქტის განხორციელებისკენ მოუწოდეს.

როგორც ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, დაინფიცირებული პატიმრების რაოდენობა იზრდება და მდგომარეობის შესამსუბუქებლად, აუცილებელია სასჯელის ერთი მეოთხედით  შემცირება და პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლება, ასევე „უდოს“ კომისიის ეფექტური მუშაობა.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ პატიმრების პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება მოხდეს. ასევე, ვითხოვთ, რომ მსჯავრდებულებს შეეხოთ ე.წ უდოს კომისია და უფრო ეფექტურად აამუშაონ იგი. ჩვენმა ხმაურმა და აქტიურობამ უკვე ის შედეგი გამოიღო, რომ პატიმრებს ყოველთვიურად აწერინებენ განცხადებებს, ეხებათ  თუ არა „უდოს“ კომისია, რაც მისასალმებელია.

ჩვენი  მთავარი მოთხოვნაა, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია რეალურად ამუშავდეს და არა მოჩვენებით.

ასევე მინდა შევეხო იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის  იმ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ  კოვიდინფიცირებული არის 113 პატიმარი, რაც  საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, აქედან  გამომდინარე უკვე თანამად შემიძლია ვთქვა, რომ ციხეებში, სამწუხაროდ, არის კოვიდაფეთქება.

მე ვფიქრობ, რომ საჭიროა  „უდოს“ კომისია  უფრო ეფექტურად ამუშავდეს, რათა ციხეებში არ დადგეს  სავალალო შედეგი. ასევე, კარგი იქნება თუ  აღნიშნულ საკითხში პრეზიდენტიც ჩაერევა,“- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისთვის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ჯამში უკვე 10 პენიტენიური დაწესებულება შემოწმდა, PCR ტესტი 6654 პატიმარს ჩაუტარდა, საიდანაც კორონავირუსი 113 შემთხვევაში დადასტურდა.