გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ განეკუთვნება იმ ძალას, რომელიც ამბობს, რომ შეთანხმების შემთხვევაშიც, ხელს არაფერს მოაწერს

„სტრატეგია აღმაშენებელი“, ნამდვილად არ განეკუთვნება იმ პოლიტიკური ძალების ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ „შეთანხმება რომც შედგეს, მაინც არაფერს მოვაწერთ ხელს“, – ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტის გადაწყვეტილების შემდეგ, პარტია მმართველი გუნდისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება.

„დიალოგს და შეთანხმებას აქვს დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის და ვფიქრობ, რომ მათ („ქართულმა ოცნებამ“) ამის შემდეგ შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადადგან და კონკრეტული წინადადებებით უნდა მოვიდეს ოპოზიციასთან, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციისთვის, იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. სხვა შემთხვევაში ჩვენთვის არაფერი იცვლება ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ჩვენი მოთხოვნები წარდგენილი გვაქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს.