მამუკა მდინარაძე: ნიკა მელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს არ ვიცი, როდესაც ადამიანს გირაო აქვს შეფარდებული, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული თავისი ხვალინდელი ბედი

ნიკა მელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს არ ვიცი, მაგრამ როგორც იურისტმა შემიძლია განგიმარტოთ, რომ როდესაც ადამიანს გირაო აქვს შეფარდებული, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული თავისი ხვალინდელი ბედი – აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმდება თუ არა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, „ნაციონალურის მოძრაობის“ ლიდერის,  ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარების თაობაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას  განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, გამონაკლისები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც არ არსებობს.

„მსოფლიოში, ალბათ, რამდენიმე მილიონი ადამიანია ბრალდებული, რომელიც ელოდება გადაწყვეტილებას დაუმძიმდება თუ არ ბრალი გირაოს  არ გადახდის შემთხვევაში. როგორც წესი, გამონაკლისები არ არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. შესაბამისად, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არ შემიძლია რაიმე მოწოდებები გავაკეთო. ყველაფერი ერთ  პირზეა დამოკიდებული და ეს არც პროკურატურაზე, არც სახელმწიფოზე და მითუმეტეს არც პოლიტიკაზე არ არის დამოკიდებული,“- განაცხადა მამუკა მდიანრაძემ.

ცნობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელია დაიბარეს.