შოთაძე- ფარცხალაძე- ივანიშვილის პროკურატურამ,  ჩემზე კარგად იცის რა უნდა ქნას,   უნდა გააგზავნონ ის სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში და მოითხოვონ ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტა – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მის მიმართ საპარლამენტო  უფლებამოსილების შესაწყვეტად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააკეთოს ის, რაც ერთხელ უკვე გააკეთა – 92 დეპუტატს მისთვის მანდატის შეჩერების გადაწყვეტილებისთვის „თითი მიაჭერინოს“.

როგორც მელია აცხადებს, ამ ბრძოლაში ის არის მართალი.

„არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ! მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე -ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე – ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში, გნებავთ ამ ფარსში. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ ეს ჩვენი ბრძოლა არის ძალიან მართალი ბრძოლა, მე ამ ბრძოლაში ვარ მართალი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არის ჩემი ენერგიის წყარო, ვიცი რა, რომ ამ ბრძოლაში ვარ მართალი, რაც მთავარია მორალურად მართალი, მართალი ჩემი მომავალი თაობების წინაშე და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ.

ორი კვირის განმავლობაში მე ჩემს კოლეგებთან ერთად, როგორ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კოლეგებს ვგულისხმობ, ასევე სხვა მეგობარ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების სიით გასულ ადამიანებს, ვითხოვთ, რომ უფლებამოსილება შეგვიწყვიტონ. თქვენ იცით, რომ  შოთაძე- ფარცხალაძე- ივანიშვილის პროკურატურამ, ერთკვირიანი გაფთხილება მომცა და რა უნდა ქნან მათ ჩემზე კარგად იციან, მათ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს, უნდა გააგზავნონ ის სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში და მოითხოვონ ის, რაც ერთხელ უკვე მოითხოვეს და 92 ადამიანს ღილაკზე თითი მიაჭერინეს, იგივე უნდა გააკეთონ და ასე შეწყვიტავენ ჩემს უფლებამოსილებას, რომელსაც ყელგამოღადვრით ვეხვეწები, მაგრამ მაინც არ აჩერებენ. ამიტომ, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩემი ნება არის გაცხადებული და სხვანაირად უბრალოდ არ შემეძლო მოვქცეულიყავი,“- განაცხადა ნიკა მელიამ.