გიორგი ვაშაძე – მითვალთვალებენ, გუშინაც ქუთაისში რომ  ვიყავით მანქანით და ფეხით დაგვყვებოდნენ,  ნიკას გადაწყვეტილება სწორია, ეს საკითხი პოლიტიკურია

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“  ჩვენზე წნეხის გასაძლიერებლად,  გარკვეულ სამოქმედო გეგმაზე ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „რუსთავი 2“ – ის ეთერში საუბრისას განაცდა.

იგი ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობას გამოეხმაურა.

„დღეს ნიკამ გადადგა ეს ნაბიჯი, ხვალ შეიძლება მე მომიწიოს ან სხვას. კონკრეტულს არაფერს ველოდები, მაგრამ სულ უკან დაგვყვებიან, კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში.

მითვალთვალებენ, გუშინაც ქუთაისში რომ  ვიყავით მანქანით და ფეხით დაგვყვებოდნენ.  სამწუხაროდ, სუს-ი  ერთადერთი რამით არის დაკავებული – აკონტროლოს ჩვენი გადაადგილება. არც ზაზა  გახელაძე  აღელვებთ, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს და მიუსაჯეს პატიმრობა. მათ იმიტომ ჰყავთ ამდენი თანამშრომელი, რომ  ბევრი პოლიტიკოსი არის სათვალთვალო.

ნიკას გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია, ყველამ ვიცით, რომ ყველაფრის საწყისი არის პოლიტიკა. ვნახოთ, რა გამბედაობა ეყოფა „ქართულ ოცნებას“, “ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

ნიკა მელიას განცხადებით, გირაოს გადახდას არ აპირებს.