მეუფე ნიკოლოზი – მეუფე პეტრეს სინოდში დაბრუნება თეორიულად შესაძლებელია, ოღონდ რაც დააშავა, იმის ტოლფასი სინანული უნდა გამოხატოს

მეუფე პეტრეს სინოდში კვლავ მიღება თეორიულად შესაძლებელია, ოღონდ მან რაც დააშავა, იმის ტოლფასი სინანული უნდა გამოხატოს, რაც არ გამოუხატავს, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა, მეუფე პეტრეს საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე მეუფე პეტრეს საკითხი არ განიხილება.

„მეუფე პეტრეს რაც შეეხება, არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა, რადგან ამ ადამიანს არ დაუშავებია არაფერი ისეთი, იმის მსგავსი, რაც უკვე დააშავა, ძალიან ცუდად მოიქცა და ამის გამო სინოდმა მას შეუჩერა დროებით მღვდელმოქმედება, მას შემდეგ, ამის ტოლფასი დანაშაული არ ჩაუდენია ნამდვილად. ყველამ ვიცით, ერთი დანაშაულისთვის ადამიანი ერთხელ ისჯება. რაც შეეხება იმას, რომ მეუფე პეტრე მივიღოთ უკან სინოდში, თეორიულად ეს შესაძლებელია, ოღონდ მან რაც დააშავა, იმის ტოლფასი სინანული უნდა გამოხატოს, რაც ასევე არ გამოუხატავს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრეს საკითხი სინოდზე არ იქნება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მეუფე პეტრემ იმედი გამოთქვა, რომ სინოდის დღის წესრიგში მისი საკითხიც დადგებოდა. მეუფე მიიჩნევს, რომ ის უკანონოდ არის დასჯილი.