ერთი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრის დამძიმება დომინოს პრინციპით აისახება დანარჩენზეც

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. როგორც აუდიტის დასკვნაშია მითითებული, სახელმწიფო ბიუჯეტის 2017 წლის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 15,403.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 2016 წლის დაგეგმილ მაჩვენებელს 827.6 მლნ ლარით (6.0%) აღემატება. მასთან, სახელმწიფო ვალის პორტფელში იზრდება საშინაო ვალის წილი, რომლის ზღვრული მოცულობაც კანონპროექტით, 3,262.7 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა. 

არ არის სავალდებულო ეკონომისტი იყო, რომ არსებული დამძიმებული ფონი შეამჩნიო. ლარის კურსი ეცემა, ფასები იზრდება, იზრდება საგარეო თუ საშინაო ვალებიც. ფაქტია, არსებობს საფრთხეებიც. სწორედ ამ საფრთხეებზე სასაუბროდ დავუკავშირდით ექსპერტს ეკონომიკის დარგში,  დავით ნებიერიძეს.

-ბატონო დავით, იქნებ ყველასთვის გასაგებ ენაზე გვითხრათ, რა ხდება ეკონომიკაში, ფაქტია ფონი დამძიმდა, ფასების მატება შესამჩნევი გახდა. რა საფრთხეებს ხედავთ და როგორც ეკონომისტი, კიდევ ხომ არ ელოდებით ფასების მატებას?

-„მაკროეკონომიკური პარამეტრების ესოდენ დამძიმება პირველ რიგში ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე აისახება. რაც კიდევ უფრო გაართულებს ფინანსური რესურსების ქვეყანაში მოზიდვას. და თუ რას ნიშნავს ეს რთული წარმოსადგენი არ არის. შევეცდები ყველაზე გაუთვითცნობიერებელი მოქალაქის ენით დავწერო რამოდენიმე საფრთხე:
1. შემცირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება.
2. გაიზრდება საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო და მისი ნეგატიური ზემოქმედების წონა ლარის კურსზე. ანუ კიდევ უფრო გაიზრდება ლარისგაუფასურების ტემპები.
3. შესაბამისად უკიდურესად დამძიმდება მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობა. რადგან უკიდურესად დავარდება მათი გადახდისუნარიანობის დონე. ანუ თქვენ იმაზე ნაკლების ყიდვას შეძლებთ ვიდრე ამას ყიდულობდით დღეს.
4. ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო არანორმალურად გაიზრდება ინფლაცია, განსაკუთრებით კი სამომხმარებლო პროდუქტების ფასების ნაწილში.
5. შეუძლებელი გახდება კომუნალური ხარჯების ღირებულების ზრდის შეკავება და ისედაც გაღარიბებული მოსახლეობა მასიურად ვეღარ გადაიხდის ვერც გაზის და ვერც ელ.ენერგიის ღირებულებას. მათი ფასი მკვეთრად გაიზრდება.
6. აღარ გაიხსნება ახალი საწარმოები და შესაბამისად გაიზრდება უმუშევრობის დონე.
7. მკვეთრად შეიზღუდება საკრედიტო რესურსებთან წვდომა, რაც პირველ რიგში საშუალო და მცირე ბიზნესს დაარტყავს.
8. დაიწყება ფიზიკური პირების მასიური გაკოტრება. რადგან ისინი ვეღარ შესძლებენ უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების მომსახურებას.
9. დაიწყება იპოთეკური, უძრავი ქონების ბაზრის მწვავე კრიზისი და თქვენი ბინების თუ სხვა უძრავი ქონების ფასი მნიშვნელოვნად დაეცემა. რაც პირდაპირ იმოქმედებს როგორც თქვენი ბიზნესის კაპიტალიზაციის დონის ვარდნის ტემპებზე, ასევე უბრალოდ თქვენც, როგორც ფიზიკური პირები უბრალოდ გაკოტრდებით.
10. დაიწყება საბიუჯეტო კრიზისი. პირველ რიგში გადასახადების მოცულობის შემცირებისა და საგარეო ვალების მომსახურეობის გაძვირების გამო გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების გამო. ანუ პენსიების და სოციალური დახმარებების გაცემა შეფერხდება. შეფერხდება სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე მოქალაქეების კუთვნილი ხელფასების გაცემა.
11. საბიუჯეტო კრიზისის გამო შეჩერდება საყოველთაო სამედიცინო პროგრამის განხორციელება.
12. სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსების შეფერხების გამო რადიკალურად დავარდება ამ ინსტიტუტების ეფექტურობა და გამეფდება ტოტალური კორუფცია.
13. შესაბამისად ნოყიერი გარემო შეიქმნება კრიმინალის რადიკალური ზრდისთვის და გარდა ამისა მნიშვნელოვნად შემცირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.

შემიძლია გავაგრძელო, მაგრამ ღამე არ დაგეძინებათ. აი ასეთი დომინოს პრინციპით ინგრევა სახელმწიფო, როდესაც ხელისუფლება არ ზრუნავს მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე. თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ ჩემს პროგნოზებში, მაშინ გირჩევთ რამოდენიმე თვეში გადაამოწმოთ ამ მასალის შინაარსი…

მაკროეკონომიკაში ყველაფერს გარემოთა კონცეფცია განაპირობებს, ავტონომიურ რეჟიმში არაფერი ხდება, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული.

პეპლის ეფექტი მუშაობს. ამიტომ ერთი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრის მკვეთრი დამძიმება დომინოს პრინციპით აისახება დანარჩენზეც.

კომენტარის დატოვება