წმინდა თომა მოციქულმა განგვამტკიცოს ქართველნი ღვთის რწმენაში!

19 ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს.

ტროპარი:

იქმენ მოწაფე ქრისტესი, თავთა მათ მოციქულთა კრებულსა თანა აღრაცხულ, ხოლო ურწმუნოებითა ქრისტეს აღდგომაჲ გამოიძიე, და მისისა პატიოსნისა ვნებისა განხილვითა, მორწმუნე იქმენ, თომა, ყოვლად ქებულო, და აწ გვითხოვე ჩუენ მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

კონდაკი:

ვითარცა სიბრძნისა მადლითა აღვსებულმან, და ქრისტეს მოციქულმან, და მსახურმან საკვირველმან, სინანულით ღაღად-ჰყავ შენ: შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი.

თორმეტ მოციქულთაგანი – თომა, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში.

თომა მოციქულის ბარძაყის ძვლის ნაწილი ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ინახება, თავის ქალა კი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
თომა – არამეული სახელია, მას შეესაბამება ბერძნული დიდიმ – ნიშნავს ტყუპისცალს ანუ მარჩბივს.

მოციქული თომა ერთგვარად სკეპტიკოსი იყო, მას „ურწმუნოსაც“ უწოდებდნენ. სახარება მოგვითხრობს, რომ ერთხელ უფალმა უთხრა მოწაფეებს:

„ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, გრწმენინ ღმრთისაჲ და გრწმენინ ჩემდა მომართ. სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ, ვითარმედ: მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი. და უკუეთუ წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ თავისა ჩემისა თანა, რაჲთა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ. და ვიდრე-იგი მე მივალ, უწყით და გზაჲცა იგი იცით. ჰრქუა მას თომა: უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა მის ცნობად?“ (იოანე 14, 1-5).

გადმოცემულია მისი დაუჯერებლობის სხვა ამბავიც. კერძოდ მას არ სჯერდა უფლის აღდგომის, მხოლოდ მას შემდეგ იწამა, რაც თავად მაცხოვარმა უთხრა, იხილე ხელნი ჩემნი და ნუ იქნები ურწმუნოო.

ქრისტეს შობიდან 48 წელს მიიძინა ყოვლადწმინდა ღვითისმშობელმა. მოციქულები სხვადასხვა ქვეყნებში იყვნენ წასულნი სახარების საქადაგებლად. ისინი სულიწმიდის მიერ ზეცად იქნენ ატაცებული და გადმოყვანილნი გეთსიმანიის ბაღში, სადაც განისვენებდა დედაღვთისა. წმინდა თომაც იქნა ატაცებული და გადმოყვანილი სულიწმინდის მიერ, მაგრამ ის მაინც დაგვიანებით მივიდა ადგილზე. მაშინ მოციქულებმა გადაწყვიტეს გაეხსნათ ყოვლადწმინდას საფლავი, რათა წმინდა თომას შეძლებოდა უკანასკნელად თაყვანი ეცა ღვთისმშობლისათვის. საფლავი მართლაც გახსნეს, მაგრამ იქ მხოლოდ დედაღვთისას მოსასხამი დახვდათ. ყველა მიხვდა, რომ თავისი ძის მსგავსად, ყოვლადწმინდა სამი დღის მერე აღდგა და ზეცად იქნა აღყვანილი სხეულით.

გადმოცემით წმინდა თომამ იქადაგა ახალი აღთქმა, იოანე ოქროპირის თქმით, უშიშრად და დაუღალავად ველურთა შორის და დააფუძნა ეკლესიები პალესტინაში, შუამდინარეთში, პართიაში, ეთიოპიაში და ინდოეთში.

თომა მოციქულმა წამებულის სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე. წარმართებმა იგი განგმირეს ხუთი შუბით.

წმინდა თომა მოციქულმა განგვამტკიცოს ქართველნი ღვთის რწმენაში!

კომენტარის დატოვება