ალეკო ელისაშვილი -მინდა ყველა კოლეგას ვთხოვო,  რომ არ გაიზიაროთ პროკურატურის შუამდგომლობა,  ნიკა მელია ზღვარს გასცდა ჩემთან მიმართებაში, აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის, თუმცა, მძიმე ემოციური ფონი აქვს

მინდა ყველა კოლეგას, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გთხოვოთ, რომ არ გაიზიაროთ პროკურატურის შუამდგომლობა. ჩვენ თუ გვინდა, ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ოპოზიციური პარტიის არც წარმომადგენლებს და მით უფრო, თავმჯდომარეებს იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდნენ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს.

„ვიღაცამ შეიძლება, მითხრას, რას ექომაგები იმ კაცს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობებს იძახისო. ფაქტია, რომ ნიკა მელია ზღვარს გასცდა ჩემთან მიმართებაში, აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის. თუმცა, მძიმე ემოციური ფონი აქვს და ამით გავამართლებ მის ქმედებას. გთხოვდით და მოგიწოდებდით, თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ ნიკა მელიას ან „ნაციონალური მოძრაობისადმი“, არ დაუჭიროთ მხარი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. რაღაც დროის შემდეგ თქვენც აღმოჩნდებით ოპოზიციურ სკამებზე და მაშინ აუცილებლად დაგვეთანხმებით, რომ ჩვენ ეს თხოვნა სწორი იყო. ემოციების და პირადი დამოკიდებულებების გარეშე თუ მივეჩვევით ქართველი პოლიტიკოსები გადაწყვეტილებების მიღებას, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ახლა ჩვენ შედეგზე ვსაუბრობთ, თუმცა მთავარი არის მიზეზი. ჩემთვის ყველაზე აღმაშფოთებელია მიზეზი.

2012 წლის შემდეგ, მეგონა და მიმაჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად სამართალი  დაისადგურებდა, ყველაზე ჯოჯოხეთუ სიზმარჩიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ უსამართლობის სიმბოლო მოსამართლე, ბატონი მურუსიძე, უვადო მოსამართლე გახდებოდა „ქართული ოცნების“ ხელში. ვერ წარმოვიდგენთ კი არა, თურმე ამ რეალობაში ვცხოვრობთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.