გიორგი ვოლსკი: სახელმწიფო არ შეიძლება იმართებოდეს „ფანჩატურში“ დადგენილი წესებით და დღის წესრიგით

არ შეიძლება სახელმწიფო იმართებოდეს ქაოსით და „ფანჩატურში“ დადგენილი წესებით და დღის წესრიგით. ესაა ის რეალობა რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოცემული რეალობა დამატებითი შეკითხვის დასმის წინაპირობას არ ქმნის, საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იმართებოდეს სახელმწიფო კანონებით, არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები, ზოგს მოსწონს, ზოგს არა. რა პერიოდიც არ უნდა ავიღოთ იწერებოდა კანონები და ამ კანონების მიხედვით ცხოვრობდა ქვეყანა და არ იმ კანონების მიხედვით, რომლებსაც გვკარნახობენ. არის თუ არა თვალსაჩინო დარღვევა, რომელსაც განაპირობებს პროკურატურის მოთხოვნა, რომელზეც იმსჯელებს მხოლოდ სასამართლო. ვალდებულია თუ არა პარლამენტი, მისცეს სასამართლოს ეს შესაძლებლობა და ადვოკატები და ბრალდებულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რასაკვირველია, ვალდებულია წინააღმდეგ შემთხვევში ვერ შედგება სახელმწიფო“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, დღეს საზოგადოებას წარმოადგენს ის გუნდი, რომელიც ამ გადაწყვწტილებას ემხრობა. „არცერთი ჩვენგანი არაა ემოციისგან დაცლილი ადამიანი. ვის აწყობს ეს განცხადება და სავარძელში ჩახტომა, ვისი დაკვეთით და ინტერესით შეიძლება მოქმედებდეს ესა თუ ის ადამიანი, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოს ძალას წარმოადგენს. აქაც შეკითხვები ზედმეტია“,- აღნიშნა ვოლსკიმ.