გიგა ბოკერია – ნიკა მელიას თუ დააკავებენ, ამით საზოგადოების ბრაზს მეტად გააღრმავებენ

ყველამ იცის, რომ მელიას წინაამღდეგ მთელი ეს მოძრაობები, მთელი ეს საქმე და ის, რომ გააქტიურდნენ, არის პირდაპირ პოლიტიკური დაკვეთა ამოცანით, რომ ზოგადად, საზოგადოება, კერძოდ, ოპოზიციური სპექტრი დააშინონ და შესაძლოა, გამოთიშონ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პოლიტიკური ცხოვრებიდან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამისი მიზანია, შეინარჩუნონ ძალაუფლება და საზოგადოების აღშფოთება დათრგუნონ. როგორც ბოკერია ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დააკავებენ, საზოგადოება მეტად გაბრაზდება. ბოკერია იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავენ.

„ესეც ყველაფერი იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, დათრგუნონ საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი იმის გამო, რაც წლებია, ქვეყანაში ხდება. ისინი ამ ამოცანას ვერ მიაღწევენ, მაგრამ თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ვგულისხმობ მელიას დაკავებას, ამით თავის ბედს გახდიან დრამატულს, ქვეყანას ძალიან დააზიანებენ და კიდევ უფრო გააღრმავებენ ბრაზს, დაპირისპირებას, ყველაფერს გააფუჭებენ. ამიტომ, იმედი მაქვს, ვერ გადადგამენ ამ ნაბიჯს და ვერ გაბედავენ.

რაც შეეხება დღევანდელ ამბავს, უაღრესად ფარისევლობის დეფინიცია თუ გვინდა აი, ჩვენ კი დაჭერა არ გვინდოდა, მაგრამ სახელმწიფო ჩამოიშლება და კანონის უზენაესობა არის. იგივე ხალხი, რომლებიც, ზოგადად, ქვეყანაში რაც ხდება, კანონის უზენაესობის გათელვის თვალსაზრისით, ამაზე ყოველთვის თვალს ხუჭავდნენ. კერძოდ, აი, ცოტა ხნის წინ პოლიტიკური მოსაზრებებით არ შევუწყვიტეთ დეპუტატობის მანდატი ოპოზიციონერებსო, რომლებმაც დაწერეს განცხადება. დაარღვიეს საჯარო სამართლის კანონები, კონსტიტუცია, დამწყვდეული ჰყავთ პარლამენტში ხალხი, ვინც განცხადება დაწერა. ანუ, აგერ გვაქვს მაგალითი სრულიად უკანონობის, უტიფრობის. ახლა კი არ გვინდა დაჭერა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერისო, მაგრამ რა ვქნათ, ჩაოიშლებაო. არადა, ინსტიტუტების ჩამოშლას, ჩვენი ქვეყნის კურსიდან გადახვევას და დიდი საფრთხის წინაშე დაყენებას სათავე დაუდო 2012 წლიდან ამ რეჟიმმა, რასაც აგრძელებს ნაბიჯ-ნაბიჯ. ყველაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაჭერა იქნება კიდევ ერთი დარტყმა ამ მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ნორმალური არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციები უკვე დაგეგმილი გვაქვს. გამოცხადებულია 25 თებერვალი, შემდეგ 31 მარტი რეგიონებში და ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე არ მივაღწევთ ნორმალურ ვადამდელ არჩევნებს. ეს ნაბიჯი თუ გადადგეს და იმედი მაქვს, ვერ გაბედავენ, მაშინ რა თქმა უნდა, ეს დიდ კორექტივებს შეიტანს ამ ყველაფერში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.