საბა ბუაძე – ნამდვილი ტრაგედიაა, რომ მართლმსაჯულების საკითხების გადაწყვეტა ხდება პარტიის ოფისში რამდენიმე მაღალჩინოსანს შორის

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი საბა ბუაძე გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ტრაგედიაა, როცა მართლმსაჯულების საკითხების გადაწყვეტა ხდება პარტიის ოფისში რამდენიმე მაღალჩინოსანს შორის.

„გარდა იმისა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან და ავიწროებენ, ნამდვილი ტრაგედიაა, რომ მართლმსაჯულების საკითხების გადაწყვეტა ხდება პარტიის ოფისში, პარტიის რამდენიმე მაღალჩინოსანს შორის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ ღრმა პოლიტიკური კრიზისის, არამედ იმ ინსტიტუციური კრიზისის, რასაც ჰქვია სახელმწიფოს მიტაცება. ის, რომ ადამიანის დაჭერა-არ დაჭერის საკითხი განიხილება „ქართული ოცნების“ ოფისში არის ამ სახელმწიფოს მიტაცების დადასტურება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

რაც შეეხება კანონის დამორჩილებისადმი მოწოდებებს, საბა ბუაძის თქმით, მათი ყველა ქმედება კონსტიტუციის ჩარჩოებში ჯდება.

„ჩვენი პროტესტი და ყველა მოქმედება აქამდე იყო კანონიერი და სრულად ჯდებოდა კონსტიტუციის ჩარჩოებში, ვაპირებთ, მშვიდად გავაგრძელოთ მოქმედება. თუ ვინმესგან გვინახავს ძალისმიერი მეთოდებით მოსახლეობასთან საუბარი, ეს არის ხელისუფლება. ჩვენი პროტესტი არის ძალიან მშვიდი და მზად ვართ, გახსნილები ვართ, რომ პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

საბა ბუაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ახლა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

„არჩევნებიდან სამი თვის თავზე მმართველი პარტია დატოვა მისმა თავმჯდომარემ, სიის პირველმა ნომერმა და პრემიერ-მინისტრმა, ვინ უნდა წავიდეს, კარის ბოლო გამხურავი ვიდრე არ წავა, მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი კობახიძე არ უნდა დაჯდეს? ეს არის ძალიან დიდი გზავნილი ყველა ამომრჩეველისთვის – არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ელექტრორატისთვის, არამედ „ქართული ოცნების“ ელექტორატისთვისაც. მნიშვნელოვანია, რომ ახლა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს თანამდებობიდან გადადგა.