“არდეიზაროთ!”-ნინო წილოსანმა მეორე ტურის კამპანია დაიწყო

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნინო წილოსანმა მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია ახალი სლოგანით – “არდეიზარო” დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში, დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას მოუწოდებს, არჩევნებზე მისვლა არ დაიზარონ და მეორე ტურშიც მაღალი აქტივობა გამოიჩინონ.

ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს წარმატებასა და წარუმატებლობას შორის.
“დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი არჩევნების მეორე ტური – 30 ოქტომბერი და კამპანია “არდეიზაროა”. ჩვენ, 30 ოქტომბერს, საბოლოო გამარჯვებას დავადასტურებთ. ეს არის დღე, როდესაც თითოეული თქვენგანის ხმას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, მეორე ტურის კამპანიას ამ მიმართულებით ვაწარმოებთ – ეს არის “არ დეიზარო არჩევნებზე მოსვლა”.
გურულებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 8 ოქტომბერს, განსაკუთრებული აქტივობა ვაჩვენეთ. დარწმუნებული ვარ, რომ 30 ოქტომბერსაც ზუსტად ასეთი აქტივობით შევხვდებით არჩევნების დღეს”,- აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.
“არდეიზაროს” კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს პირველივე ტურში გამარჯვებული არჩილ თალაკვაძე ესწრება და წილოსანს მხარდაჭერას უცხადებს. თალაკვაძე მეორე ტურში ნინო წილოსანის გამარჯვებაში დარწმუნებულია, რადგან მისი თქმით, წილოსანის კამპანიას კონკურენტებთან შედარებით, ბევრად მეტი უპირატესობა აქვს.  მისივე თქმით გურიის რეგიონთან დაკავშირებით, მას და ნინო წილოსანს, საერთო გეგმები აქვთ.

კომენტარის დატოვება