გია ვოლსკი ფარულ ჩანაწერზე – ეს არის გზა ჩიხისკენ, რომლისკენაც “ნაციონალურ მოძრაობას უნდა, რომ შეგვაქანოს

ჩემი ხედვით, ეს არის გზა იმ ჩიხისკენ, რომლისკენაც “ნაციონალურ მოძრაობას უნდა, რომ შეგვაქანოს ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის შესაძლო მონაწილეობით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს და ეს შესაძლოა, ახალი სპეკულაციის წყარო გახდეს.

“ეს არის პროკურატურის გადასაწყვეტი. ჩემი ხედვით, ეს არის გზა იმ ჩიხისკენ, რომლისკენაც უნდა, რომ შეგვაქანოს “ნაციონალურ მოძრაობას”. მეორე თემაც არის, რომელიც არასრულწლოვანისა და კერძო პირების საუბრის უკანონო ჩაწერას ეხება. ეს თემაც გახდება საზოგადოებაში საკმაოდ სერიოზული მსჯელობის საგანი და სპეკულაციის, რომელსაც უნდა მოველოდოთ, არა მარტო ამ თემის გარშემო. “გადადგეს ყველა პოლიტიკური პოსტებიდან, ვინც დანაშაული ჩაიდინა მოსახლეობის წინაშე. ნუ ერევიან პოლიტიკურ პროცესებში ის ადამიანები, რომლებსაც ბრალი აქვთ წაყენებული, ან თავის სასჯელი მოიხადეს, გადადგნენ პოლიტიკური პოსტებიდან ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებს” – ამ შემხვედრი განცხადებებითაც შეიძლება საზოგადოება კიდევ ერთხელ დავზაფროთ, ნაცვლად იმისა, რომ ამ ურთულეს სიტუაციაში გამოსავალი ვიპოვოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ადამიანები, ვინც ბერა ივანიშვილს შეურაცხყოფას აყენებდნენ, დავალებებს ასრულებდნენ, რაც 10-11 წლის წინ ხდებოდა, დღეს კი პარტიული დავალება საზოგადოებაში ხმაურის ატეხვაა, რომ ოპოზიციამ აქციებზე ახალგაზრდები გამოიყვანოს.

“ამით მანიპულირებდა უამრავი ადამიანი და დღესაც ეს ადამიანები არიან პოლიტიკურ ასპარეზზე. მე ვიცი შემთხვევა, როცა შეურაცხყოფა მიაყენა, ან ჩათვალეს,რომ შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდა ადამიანმა კონკრეტულ პირებს, მოვიდა ოფიციალური დავალება ოფიციალური პირებისგან, გაიყვანეს, აწამეს და მოკლეს. ეს ფაქტი ზუსტად ვიცი და დღეს ეს ადამიანები, ვინც ჩაიდინა ეს მკვლელობა, გირგვლიანის მკვლელობა მაქვს მხედველობაში, ორკესტრირებულ შეტევას უკეთებენ ბერა ივანიშვილს და საერთოდ, ივანიშვილების ოჯახს იმ ჩანაწერის გამო, რომელიც საეჭვოდ არის მოპოვებული და არის 10 თუ 11 წლის წინანდელი, როცა ის არასრულწლოვანი იყო, ამის შემდეგ არავინ დაზარალებული ან რაიმეთი შეურაცხყოფილი ადამიანი არ გამოჩენილა, თუმცა, ვხედავთ ახალგაზრდებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩაისვეს მანქანაში და ტელეფონიდან ესმოდა, რომ ბერას ხმა იყო, რომელიც აძლევდა მითითებებს, რომ დაეშინებინათ კონკრეტული ადამიანები. მე ვფიქრობ, რომ მაშინაც იყო დავალება და ახლაც არის დავალება, რომ უწმაწური სიტყვებით მიემართათ ბერასთვის და დავალებაა პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფის, რომ რაც შეიძლება დიდი ხმაური ატყდეს ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოში, რათა იქნებ აქციებზე გამოიძახონ ან გამოიწვიონ დამატებითი ძალები ახალგაზრდებისა, რომლებიც ზუსტად ხედავენ რაშია საქმე, სად არის შავი და სად თეთრი. ვერანაირი პროპაგანდისტული ფანდები ვერ უშველის ამას, რა სიბინძურეც არსებობდა იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელიც ოპონენტად გვევლინება, არსად წასულა და იმ სიბინძურეზე არის აგებული მათი ხვალინდელი პოლიტიკური დღე და დღის წესრიგი”, – განაცხადა ვოლსკიმ.