ანდრიუს კუბილიუსი: თუ შარლ მიშელის მისია წარუმატებელი იქნება, სხვა ვერავინ დაგეხმარებათ – იმედია, ორივე მხარემ იცის, რას ნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია

იმედი გვაქვს, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია სერიოზულად მიუდგება პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციას და მის ძალისხმევას, გადაიჭრას საქართველოში პოლიტიკური კრიზისი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ორკვირიან ვადაზე მოხდა შეთანხმება. ეს ყველამ იცის. ამ ორ კვირაში უნდა მოხდეს მკაფიო წინადადებების წარდგენა, რაც ქვეყანას შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანს, – აცხადებს ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი.

„ბრიუსელში ყველა ელოდება მკაფიო წინადადებების წარდგენას. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. მმართველმა პარტიამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და წარმოადგინოს იდეები. მე იმედიანად ვარ განწყობილი. იმედი მაქვს, ორივე მხარემ იცის, თუ რას ნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია და პროცესებში ჩართვა. ეს იყო ექსტრაორდინალური შემთხვევა. შარლ მიშელი მთელი ევროკავშირის ლიდერია და თუ მიშელის მისიას, რომლის მიზანიც მოლაპარაკებების დაწყებაა, შედეგი არ მოჰყვება, ეს იქნება გზავნილი ევროპისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მისი მისია იქნება წარუმატებელი, ეს ნიშნავს, რომ სხვა ვერავინ დაგეხმარებათ. მე მოვუწოდებ ორივე მხარეს, ძალიან სერიოზულად მიუდგნენ უშუალოდ მიშელის და მთელი ევროპის გუნდის პროცესებში ჩართვას. ამ კრიზისიდან გამოსვლის გზა უნდა მოიძებნოს“, – აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.