„სჯობს, შეელიოთ თანამდებობას, სანამ არ გაირკვევა სიმართლე,” – „პროგრესულმა საქართველომ”  მთავრობის ადმინისტრაციას პრემიერის გადადგომის მოთხოვნით განცხადებით მიმართა 

„ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, სჯობს შეელიოთ აღნიშნულ თანამდებობას, სანამ არ გაირკვევა სიმართლე”,  –  ასე მიმართავს „პროგრესული საქართველოს” ლიდერი ალექსანდრე კობაიძე პრემირ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

კობაიძე ღარიბაშვილს  მოუწოდებს გადადგეს პოსტიდან, რადგან არ დაზარალდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

„მოგახსენებთ, რომ 6 მარტს, ტელეკომპანია ,,პირველი’’-ს მეშვეობით გავრცელდა ფარული აუდიო საუბრები, სადაც თქვენ, ბატონო პრემიერო, საუბრობთ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ფაქტებზე.

ვინაიდან თქვენ ბრძანდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დაკავებული გაქვთ ქვეყნის მეთაურის პოსტი, სასურველი იქნება, სანამ გამოძიება დაადგენს აღნიშული ვიდეოფაილების ავთენტურობას და გამოძიებას აწარმოებს ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულყოფილად, მანამდე დატოვოთ აღნიშნული თანამდებობა.

უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს მიერ ნებისმიერ მოქმედებას, მათ შორის უმოქმედობას, როგორც ჩვენი საზოგადოება, ასევე საერთაშორისო პარტნიორები თვალყურს ადევნებენ და რომ არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, სჯობს, შეელიოთ აღნიშნულ თანამდებობას, სანამ არ გაირკვევა სიმართლე!”, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ცნობისთვის, დღეს „პროგრესულმა საქართველომ”  მთავრობის ადმინისტრაციას პრემიერის გადადგომის მოთხოვნით განცხადებით მიმართა.

შეგახსენებთ,  „ტვ პირველმა” გაავრცელეა აუდიჩანაწერები, სადაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.