მამუკა ხაზარაძე: კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე კარგი, ევროპული, დემოკრატიული საშუალება არის ახალი არჩევნები

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დიალოგის ორივე მხარემ უნდა იფიქროს მომავალზე და არ აღიქვას ეს პროცესი ისე, თითქოს ვიღაც ვიღაცას უგებს. მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე კარგი, ევროპული, დემოკრატიული საშუალება არის ახალი არჩევნები, სასამართლო რეფორმა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიზებული საქმეების დახურვა და სხვა პუნქტების შესრულება, რომლებზეც შარლ მიშელთან იყო საუბარი.

„შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური. კრისტიან დანიელსონი ღრმად არის ჩახედული ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როგორც მიმდინარე საკითხებში, ასევე წინა წლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ყველამ უნდა ვიფიქროთ მომავალზე და რომელიმე მხარემ არ უნდა აღიქვას ეს პროცესი ისე, რომ ვიღაც ვიღაცას უგებს. ქვეყნის აღმშენებლობაში ახალი ფურცელი უნდა დავიწყოთ. გამარჯვებული უნდა იყოს სახელმწიფო და არა რომელიმე მხარე. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ჩვენ ერთობლივად დავძლევთ ამ კრიზისს და მივალთ იმ წერტილამდე, სადაც ქვეყანა ევროპული გზით ცხოვრებას დაიწყებს. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს. კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე კარგი, ევროპული, დემოკრატიული საშუალება არის ახალი არჩევნები, სასამართლო რეფორმა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიზებული საქმეების დახურვა და სხვა პუნქტების შესრულება, რომლებზეც შარლ მიშელთან იყო საუბარი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თბილისს 12 მარტს ეწვია და ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა.